კით კელოგი: უკრაინა და რუსეთი მზად არიან ომის დასრულებაზე დიალოგი გამართონ

ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი ში კით კელოგი აცხადებს, რომ და უკრაინა მზად არიან დიალოგი გამართონ ომის დასრულების შესახებ და რომ დონალდ ტრამპს შეუძლია გახდეს შუამავალი. ამის შესახებ მან Fox Business-ზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩეულ პრეზიდენტს ომის დასრულება 2025 წლის ბოლოსთვის შეუძლია.

კელოგმა განაცხადა, რომ იანვარში ეწვევა კიევს, მოგზაურობის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ რუსი გენერლის იგორ კირილოვის მკვლელობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას უკრაინასა და რუსეთს შორის „სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“.

„ათასი დღის ომის შემდეგ, 350 000 ან 400 000 დაღუპული რუსი და 150 000 დაღუპული უკრაინელი, ორივე მხარე ამბობს: „იქნებ უკან დახევის დროა“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

კით კელოგმა გააკრიტიკა მოსკოვში რუსი გენერლის, იგორ კირილოვის მკვლელობა.

„როდესაც კლავ წამყვან ოფიცრებს, ადმირალებს ან გენერლებს მათ მშობლიურ ქალაქში, ამით ერთგვარად აფართოებთ ომის წესებს. და მე არ ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება ძალიან ჭკვიანური იყოს“, – განაცხადა კით კელოგმა Fox Business-თან ინტერვიუში.

კელოგმა, ასევე, აღნიშნა, რომ კირილოვის შემთხვევაში, მკვლელობა, გავრცელებული ინფორმაციით, განხორციელდა დაქირავებული პირის მიერ, რაც მისი თქმით, „სულაც არ არის კარგი იდეა“.

„მაგრამ ეს ომია. ეს არის ის, რასაც ხედავთ ომში. სამწუხაროა. სწორედ ამიტომ ჯარისკაცებს არ სურთ ომში წასვლა, რადგან ასეც ხდება“, – დასძინა მან.