“კითხვები თეორიულია” – მიშელი არ პასუხობს, შესაძლებელია თუ არა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს პაკეტის დაშლა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რადიო თავისუფლების ბრიუსელის ოფისთან ინტერვიუში არ პასუხობს კითხვას, არსებობს თუ არა უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, პაკეტის განცალკავების შესაძლებლობა. ჟურნალისტმა მას მოლდოვის მაგალითზე დაუსვა შეკითხვა: “მოლდოვამ განაცხადა, რომ ს არ გამოეყოფა ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანებისთვის. მიუხედავად ამისა, თუკი უნგრეთი და შესაძლოა, ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყანა უკრაინის გაწევრიანების დაბლოკვას გააგრძელებს, განიხილავთ თუ არა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან ერთად მომდევნო ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობას, თუ ორიგინალი პაკეტის შენარჩუნებას ამჯობინებთ?”
რაზეც მიშელმა ასე უპასუხა: “თქვენ ძალიან ლეგიტიმურ და ძალიან კარგ კითხვებს სვამთ, მაგრამ დღეს მე ჩემს კოლეგებთან ერთად ვემზადები ევროპული საბჭოს სხდომისთვის და მაგიდაზე დევს [ევროკომისიის] წინადადება, რომელსაც მხარს უჭერს 26 ქვეყანა. ეს არის ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, დამატებითი ნაბიჯების გადადგმით, რაც მნიშვნელოვანია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის. ეს არის ის, რაც მაგიდაზეა და მე არ ვაპირებ ვუპასუხო კითხვებს, რომლებიც ჯერ კიდევ თეორიულია”.
ევროკავშირის ლიდერთა სამიტი 14-15 დეკემბერსაა დაგეგმილი. მანამდე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილი მისწერა, რომ საბჭოს შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი “უსაფუძვლოა – პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით”.
არის მოლოდინი, რომ 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის რეკომენდაციით მიიღებს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის კი ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას. დოკუმენტის ბოლო პროექტის მიხედვით, საქართველოსთან დაკავშირებით ნახსენები იქნება ევროკომისიის 9 დათქმაც.
ევროკავშირის გაფართოების დოკუმენტი საქართველოს გარდა, 9 ქვეყანას შეეხება. ესენია: უკრაინა, მოლდოვა, მონტენეგრო, სერბეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კოსოვო და თურქეთი.
ევროკავშირის პოლიტიკის ექსპერტების დიდი ნაწილის შეფასებით, ორბანის ერთ-ერთი მიზანი არის ევროკავშირის დაფინანსების აღდგენა, რომელიც შეჩერებულია წლების განმავლობაში ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობაში არსებული დარღვევების გამო.
ბუდაპეშტისთვის გაყინული თანხის მოცულობა ევროკავშირის ფონდებში ჯამში 22 მილიარდი ევროა.
რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ბრიუსელის წყაროებზე დაყრდნობით ამბობს, რომ უნგრეთის ლიდერი, დიდი ალბათობით, 13 მილიარდამდე ევროს მიიღებს, მაგრამ საკითხავია, იქნება თუ არა ეს მისთვის საკმარისი, რადგან პირადად არ მოსწონს ზელენსკი და სურს, შეცვალოს ევროკავშირის მთლიანი პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებით.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ირაკლი კობახიძე – დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან – მისმა მესიჯმა, შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული

პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე – ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვანი იქნება