კიევში 6-მდე გაიზარდა რუსული დრონებითა და რაკეტებით მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ამის შესახებ დილის 11 საათისთვის იუწყებიან კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ქალაქის სამხედრო ადმინისტრაცია და საგანგებო სიტუაციების სამსახური. დაშავებულია 13 ადამიანი.
რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქსა და ქვეყნის რამდენიმე რეგიონზე მასირებული შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყეს. დილის ცხრა საათისთვის კიევში დადასტურებული იყო 2 ადამიანის სიკვდილი.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიევის პეჩერის რაიონში დანგრეულია 22-სართულიანი სახლის ნაწილი, მეოთხედან მერვე სართულის ჩათვლით. შენობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. დნეპრის რაიონში დარტყმა იყო 9-სართულიან სახლზე, რომლის სამი სართული ხანძარმა მოიცვა. დილის მდგომარეობით ხანძარი ლიკვიდირებულია. სვიატოშინსკის რაიონში დარტყმა იყო 4-სართულიან სასაწყობე შენობასთან.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობითვე, 2 ადამიანი დაიღუპა კიევის დნეპრის რაიონში და 4 – სვიატოშინსკის რაიონში. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.
მსხვერპლია კიევის ოლქშიც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიკოლა კალაშნიკის ინფორმაციით, ბელოცერკოვსკის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა. დაჭრილია 14 წლის გოგო. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი დაშავდა ოდესის ოლქში. ხანძრები გაჩნდა ენერგეტიკის და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, რუსული დრონებითა და რაკეტებით მასირებული შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.
ფორუმი




