უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ავრცელებს ინფორმაციას რუსეთის ტყვეობიდან უკრაინელი მეომრების მორიგი ნაკადის სამშობლოში დაბრუნების შესახებ:
“სახლში დავაბრუნეთ მძიმედ დაჭრილი და სერიოზულად ავადმყოფი უკრაინის დამცველები. მათ შორის არიან ჩვენი 25 წლამდე ახალგაზრდები”.
უმეროვის თანახმად, “ეს გაცვლა არის სისტემატიური დიპლომატიური და კოორდინირებული ძალისხმევის შედეგი”.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება ტყვეთა მორიგ გაცვლას:
„განვაგრძობთ გაცვლას. მორიგი ეტაპი შედგა. დღეს შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის მეომრები ბრუნდებიან სახლში. მათი უმრავლესობა ტყვეობაში იყო 2022 წლიდან. ყველაფერს ვაკეთებთ თითოეული პირის მოსაძებნად, თითოეულ სახელზე ინფორმაციის შესამოწმებლად. ყველა ჩვენიანი უნდა დავაბრუნოთ სახლში”.
გაცვლის ადგილი არც ამჯერად გაცხადებულა. მოსკოვის მხარე კვლავ იუწყება, რომ რუსი ტყვეები გაცვლის შემდეგ ბელარუსის ტერიტორიაზე იმყოფებიან და იქიდან ყველა მათგანს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კლინიკებში გადაიყვანენ.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო “ტასი” რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას “კიევის რეჟიმის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან რუსი სამხედრო მოსამსახურეების კიდევ ერთი ჯგუფის” დაბრუნებისა და სანაცვლოდ უკრაინის სამხედრო მოსამსახურეების გადაცემის შესახებ.
კიევსა და მოსკოვს შორის ტყვეებისა და ცხედრების გაცვლაზე შეთანხმებები სტამბოლის 2 ივნისის მოლაპარაკებებზე იყო მიღწეული.
ფორუმი
