კიევსა და ზაპოროჟიეში გაიზარდა დაღუპულებისა და დაშავებულების რიცხვი

უკრაინის დედაქალაქ კიევზე რუსეთის ჯარების მასირებული შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაცია დღეს, დილის ცხრა საათისთვის ტელეგრამით გაავრცელა დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ. მანამდე დადასტურებული იყო ერთის სიკვდილი.
კლიჩკოს ცნობითვე, ჰოსპიტალიზებულია 5 დაშავებული, მათ შორის ორი წლის ბავშვი.
რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე, მათ შორის დედაქალაქ კიევზე რაკეტებით და დრონებით შეტევა გასული ღამიდან დაიწყეს. კიევის რამდენიმე რაიონში ხანძრები გაჩნდა მრავალბინიან სახლებში. მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულების და საერთო საცხოვრებლის შენობებიც.
13-მდე გაიზარდა რუსული დრონებით შეტევის შედეგად ზაპოროჟიეში დაშავებულთა რიცხვი. ამის შესახებ დილით განაცხადა საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა. გამთენიისას ცნობილი იყო 5 დაშავებულის შესახებ. ზაპოროჟიეში ხანძრები გაჩნდა ერთ მრავალბინიან და რამდენიმე კერძო სახლში.
აფეთქებები იყო ოდესის ოლქის საპორტო ქალაქ იზმაილშიც. ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ 22 ოქტომბერს, დილით განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ენერგოობიექტებზე.
კერძო ენერგოკომპანია ДТЕК-ის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილია დედაქალაქ კიევში და კიევის და დნეპროპეტროვსკის ოლქებშიც.
რუსეთს უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე მორიგი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, აქვეყნებს ხოლმე სტანდარტულ ტექსტს, რომ სამიზნე იყო სამხედრო დანიშნულების ობიექტები, ან დარტყმა განხორციელდა „კიევის რეჟიმის ტერაქტების პასუხად”. ასე მოიხსენიებს უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევებს რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის ენერგოობიექტებზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?