რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა 100-ზე მეტი დრონი გამოიყენეს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოდესის და ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონებში დაიჭრა სამი ადამიანი. ერთის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დაზიანებულია სახლები. ლიკვიდირებულია რამდენიმე ადგილას გაჩენილი ხანძრები.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ბუჩის და ბელოცერკოვსკის რაიონებში დაზიანებულია სახლები, ადმინისტრაციული შენობა, მაღაზია და კულტურის სახლის და სასწავლო დაწესებულების უმოქმედო შენობები.
დედაქალაქ კიევში, სვიატოშინსკის რაიონში რუსული დრონის ნამსხვრევებმა დააზიანა სახლი და საქვაბის ტერიტორია.
დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ნიკოპოლის რაიონში დაზიანებულია სახლები, საწარმოები, საგანმანათლებლო დაწესებულება და ტაძარი.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 16 მაისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, ღამის განმავლობაში მოწინააღმდეგემ უკრაინას შეუტია 112 დრონით.
სარდლობის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ, სამხრეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში ჩამოაგდეს 73 ე.წ. დამრტყმელი დრონი, 36 უპილოტო-იმიტატორი კი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე.
უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის, გასული ღამიდან დილის ცხრის ნახევრამდე ჩამოაგდეს 65 უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან 43 – შავი ზღვის თავზე, 21 – ყირიმში და 1 – ბელგოროდის ოლქში.
შედეგების შესახებ რუსეთი არაფერს ამბობს.
ფორუმი
