უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება და მიესალმება გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის გენშტაბის მთავარი სამმართველოს სამი დანაყოფისა და დაზვერვის 18 ოფიცრის სანქცირებაზე:
“რუსი ჰაკერების სანქცირება არის ძლიერი და დროული ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული კიბერკამპანიის პასუხად, რომელიც მიმართულია ევროპის დემოკრატიული ინსტიტუტების, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, სატელეკომუნიკაციო კომპანიების, საარჩევნო პროცესებისა და მედიის წინააღმდეგ – ყველაფერ ამას კი აერთიანებს ევროპაში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრა”.
უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნულ გადაწყვეტილებას აფასებს, როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილს:
“სანქცირებული დანაყოფები, რომელთა იდენტიფიკაცია მოხდა უკრაინის ატრიბუციის ეროვნული პროცესის გამოყენებით როგორც შემდეგი დასახელების ჯგუფებისა: UAC-0056, UAC-0001, and UAC-0002, რომლებიც აფილირებულები არიან რუსეთის სამხედრო დანაყოფებთან: N 29155, N 26165 და N 74455, აქტიურად მონაწილეობენ კიბერთავდასხმებში, კიბერჯაშუშობაში, კიბერტერორიზმსა და კიბერსივრცეში წარმოებულ სხვა მტრულ ოპერაციებში, რომლებიც უპირატესად მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ”.
კიევი იუწყება, რომ 2022 წლის დასაწყისიდან უკრაინის კიბერინციდენტებზე რეაგირების ეროვნულმა ჯგუფმა (CERT-UA) დაადოკუმენტირა ჯგუფ UAC-0056-სთან დაკავშირებული 100-ზე მეტი შემთხვევა, UAC-0001-სთან დაკავშირებული 110-ზე მეტი შემთხვევა და UAC-0002-სთან დაკავშირებული 170-ზე მეტი შემთხვევა. UAC-0002 პასუხისმგებელია ზოგიერთ ყველაზე ცუდ თავდასხმებზე, მათ შორის: უკრაინის რკინიგზაზე, უკრაინის სახელმწიფო რეესტრსა და სატელეკომუნიკაციო კომპანია “Kyivstar”-ზე.
უკრაინა მკაცრად გმობს რუსეთის ფედერაციის მავნე ჰიბრიდულ ოპერაციებს კიბერსივრცეში, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოებისა და დემოკრატიული მმართველობისათვის სისტემურ საფრთხეს. კვლავაც მტკიცედ ერთგულები ვართ გაერთიანებულ სამეფოსთან, ევროკავშირთან და ნატოსთან ერთად მეხუთე განზომილებაში რუსეთის საფრთხეებთან გამკლავების ძალისხმევის გაძლიერებისადმი.
18 ივლისს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება წლების განმავლობაში “პუტინის ბრძანებით ქაოსისა და არეულობის შექმნაზე პასუხისმგებელი” რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სამი დანაყოფისა და სამხედრო დაზვერვის 18 ოფიცრის დასანქცირების შესახებ. სანქცირებული დანაყოფები მონაწილეობდნენ აგრეთვე მარიუპოლის თეატრის დაბომბვაში, სკრიპალების მოწამლვასა და უკრაინაში პუტინის უკანონო ომის მხარდაჭერაში. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებით, სანქცირებული უწყებები და პირები არაერთი წელია ახორციელებენ მავნე კიბერქმედებებს გაერთიანებული სამეფოსა და სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგ.
პარასკევის განცხადებას ერთვის სანქცირებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულების დეტალური ჩამონათვალი, რომელთა შორისაა საქართველოში განხორციელებული ოპერაციებიც და აღნიშნულია, რომ კიბერთავდასხმის სამიზნედ 2018 წელს იქცნენ ქართული კომპანიები და სამთავრობო უწყებებიც:
“დანაყოფმა ნომრით – 74455 განახორციელა ფართომასშტაბიანი დესტრუქციული კიბერთავდასხმები საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, აგრეთვე ეროვნულ მაუწყებლებზე – ვებსაიტების დასაზიანებლად ისინი იყენებდნენ ვაიპერებს. გაერთიანებულმა სამეფომ დაადგინა, რომ ეს 2019 წელს ჩაიდინა დანაყოფმა ნომრით – 74455”.
ფორუმი
