კიევი აშშ-თან სატელეფონო საუბარს ითხოვს იარაღის მიწოდების შეჩერების შესახებ ცნობის გამო

კიევმა მოითხოვა სატელეფონო მოლაპარაკება -თან მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია იარაღის მიწოდების შესაძლო შეჩერების შესახებ, იტყობინება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

უწყებამ განმარტა, რომ კიევს არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება „თავდაცვისთვის შეთანხმებული დახმარების მიწოდების გრაფიკის შეჩერების ან გადახედვის შესახებ“.
„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვისთვის შეთანხმებული დახმარების გაწევის საქმეში უზრუნველყოფილი იყოს მდგრადობა, უწყვეტობა და პროგნოზირებადობა – განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის გაძლიერების სფეროში“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა კიევში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ჯონ ჰინკელი. განხილვის მთავარი თემა იყო ვაშინგტონის სამხედრო დახმარება მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის ფონზე.
მანამდე, ამერიკულმა მედიამ, წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა უკრაინისთვის რიგი იარაღის, მათ შორის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის ათობით რაკეტის მიწოდება. მიზეზი საკუთარი სამხედრო მარაგების შემცირების შესახებ შეშფოთება იყო.