27 თებერვალს გამართულ სხდომაზე კიევის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვიტა, კიდევ ორი თვით გაეგრძელებინა ბიზნესმენ იჰორ კოლომოისკის დაკავება. ამასთან, მისთვის შეფარდებული გირაო 2.65-დან 2.4 მილიარდ გრივნამდე შემცირდა.
სასამართლომ არ გაიზიარა არც პროკურორის თხოვნა ბრალდებულისთვის პატიმრობის უფრო დიდი ვადით გახანგრძლივებაზე და არც დაცვის შუამდგომლობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იჰორ კოლომოისკის აღკვეთის ფორმა შიდა პატიმრობით შესცვლოდა.
კოლომოისკი გასული წლის 2 სექტემბერს დააკავეს თაღლითობასა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზაციის ბრალდებით. დაკავებიდან რამდენიმე დღეში მას წაუყენეს მეორე ბრალდება: „პრივატბანკიდან“ 9,2 მილიარდი გრივნის ოდენობის თანხის „ხელში ჩაგდება“. 15 სექტემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურმა მას მესამე ბრალდება გაფლანგვისთვის წარუდგინა.
ბრალდების წარდგენიდან რამდენიმე კვირაში იჰორ კოლომოისკიმ თავისი მედიაკომპანიის, “1+1-ის”, კორპორაციული უფლებები კომპანიის თანამშრომლებს გადაუფორმა.
60 წლის კოლომოისკი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი მხარდამჭერი და უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი პირია. მის სატელევიზიო სადგურს მიაწერდნენ პოლიტიკაში გამოუცდელი ზელენსკის დახმარებას 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, როცა მან დიდი უპირატესობით მოუგო მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს.