რუსმა ოკუპანტებმა, 2024 წლის განმავლობაში, უკრაინის დედაქალაქ კიევის წინააღმდეგ 1600-ზე მეტი გამანადგურებელი საშუალება გამოიყენეს, მათ შორის დრონები, ფრთოსანი, ბალისტიკური და ჰიპერბგერითი რაკეტები, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში დედაქალაქში საჰაერო განგაში 500-ჯერ გამოცხადდა.
„კიევისთვის, ისევე როგორც მთელი უკრაინისთვის, 2024 წელი არ იყო იოლი. 2024 წელს კიევში 500 საჰაერო განგაში გაისმა, რომლის დროსაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქს 1600-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის გამანადგურებელი საშუალების გამოყენებით 200-მდე საჰაერო დარტყმა მიაყენეს“, – აცხადებენ კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.
მათი განმარტებით, რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ 1300-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, 200-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა, 24 ბალისტიკური რაკეტა (ისკანდერ-მ/კნ-23); „კინჟალის“ 22 აერობალისტიკური რაკეტა და „ცირკონის“ ტიპის 7 ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა.