დღეს, 28 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის საქმეებზე 10 სხდომა გაიმართა, შედეგად, 20 ადამიანს, რომლებიც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამართულ აქციებში მონაწილეობდა, ჯამში, 10 000 ლარის ჯარიმის გადახდა დააკისრეს. არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა მოსამართლემ შსს-ს ადმინისტრაციული სარჩელი არ დააკმაყოფილა.
21 დაჯარიმებულიდან 20-ს შინაგან საქმეთა სამინისტრო 10 და 17 ნოემბერს გამართულ აქციებზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. ყველა მათგანი 500-500 ლარით დაჯარიმდა. მათ შორისაა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა, რომელიც მოსამართლე ზვიად ცეკვავამ საქმის განხილვის მიმდინარეობისას სასამართლო პროცესიდან გააძევა და „სასამართლოს უპატივცემულობის” მოტივით 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
2 500 ლარით დააჯარიმეს ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა. მას შსს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. გიორგი ლიფონავა ადმინისტრაციული წესით ცესკოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 16 ნოემბერს დააკავეს.
პროცესები იდენტურად წარიმართა, შსს-მ ყველა სხდომაზე მტკიცებულებად წარადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ვიდეოები, რომელიც უმეტესად სატელევიზიო ეთერიდან მოჭრილი მონაკვეთები იყო.
ადვოკატები მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობენ და მოსამართლეებს გადაწყვეტილების მიკერძოებულად მიღებაში ადანაშაულებენ. მათი შეფასებით, ვიდეოები, რომელიც გზის გადაკეტვას უნდა ადასტურებდეს, ამას არ აჩვენებს, უფრო მეტიც „მოქმედების პროცესი საერთოდ არ ჩანს“.
„შეკრების და მანიფესტაციის უფლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება, ჩვენ მივიღეთ სურათი, როცა მოქალაქეებს გვიზღუდავენ შეკრების და მანიფესტაციის უფლების სარგებლობას, არათუ გვიზღუდავენ, არამედ ცდილობენ მსუსხავი ეფექტი იქონიოს. გადაწყვეტილება ნამდვილად არ ადგას ობიექტურ მტკიცებულებებს, ამოწყვეტილი კადრებით არის წარმოდგენილი, რომ ეს პირი იმყოფებოდა აქციაზე, რადგან იმყოფებოდა დადგენილად მიიჩნევენ ფაქტს, რომ კანონს არღვევდა. ამას დადასტურება სჭირდება, რაც სხდომაზე ვერ წარმოადგინეს“, – ამბობს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.
ერთ-ერთმა დაჯარიმებულმა ბანიამინ კასიმოვმა სასამართლოზე თქვა, რომ მას მარჯვენა სანაპიროზე გზის გადაკეტვას ედავებიან, მტკიცებულებად კი მარცხენა სანაპიროზე გადაღებული კადრებია წარმოდგენილი, ამის შემდეგ იკითხა:
„აქცია-მსვლელობა რომ იყო 24 ნოემბერს თბილისში რესპუბლიის მოედნიდან წამოვედით პარლამენტისკენ, აქციის მონაწილეები 9 აპრილის ქუჩიდან თბილისი მერიოდამდე იდგნენ, თუმცა გზა პოლიციამ რესპუბლიკის მოედნის დასაწყისიდან გადაკეტა. ახლა ვკითხულობ, ვინც იმ გზაზე დავდიოდით, ვარღვევდით ადმინისტრაციულ კანონს?”.
ადმინისტრაციული საჩივრების განხილვმა შეკრება მანიფესტაციის წესის დარღვევის არგუმენტით საქალაქო სასამართლოში მესამე დღეა გრძელდება, 27 ნოემბერს 9 500 ლარის ჯარიმები გამოიწერა. ხვალ, 29 ნოემბერს 21 პროცესია ჩანიშნული, მათ შორის 10 ნოემბრის აქციის მონაწილეს ჟორჟ ჯამერაშვილს შსს ორგანიზატორობას ედავება, რაც 5 000-ლარიან ჯარიმას მოიაზრებს. ამ ოდენობის თანხით უკვე დააჯარიმეს ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორი ილია ღლონტი. ის პროცესს არ დასწრებია არა იმიტომ, რომ არ მივიდა, არამედ, როგორც თავად ამბობს, მას პროცესი 29-ში ჩაუნიშნეს.