მოკლედ
· საარჩევნო კოდექსში ბოლო 14 წელიწადში 95-ე ცვლილება იგეგმება, მათ შორის ემიგრანტებისთვის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შეზღუდვა.
· კანონპროექტი კენჭისყრის შენობაში აუდიომონიტორინგს კრძალავს.
· კომისიის წევრობისთვის სასამართლოს ჯარიმა ავტომატური დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდება.
საარჩევნო კოდექსის ახალი პროექტი პარლამენტის ვებგვერდზე უკვე საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. მასში რიგი ჩანაწერები ბუნდოვანია; ავტორები სატელეფონო კომენტარს არ აკეთებენ. რადიო თავისუფლება დეტალების დაზუსტებას განხილვის ეტაპზე შეეცდება.
2012 წლიდან დღემდე საარჩევნო კოდექსი 94-ჯერ შეიცვალა. მათგან 15- ჯერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
17 ნოემბერს ცნობილი გახდა ახალი, კომპლექსური ცვლილებების პაკეტის შესახებ, რომლის მოცულობა იმდენად დიდია, რომ „ქართული ოცნება“ ახალი ორგანული კანონის მიღებას აპირებს. ეს ბოლო 14 წელიწადში 95-ე ცვლილება იქნება.




