„დენის ტარიფის ზრდა, პირველ რიგში, აისახება დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე: მაგალითად პურის ფასის გაძვირება… ღარიბი, რომელიც მთელ ფულს საჭმელზე ხარჯავს, იქ მაღალი ინფლაციაა, ამიტომაც, მას მეტად აწვება ეს ზრდა,“- ამბობს ფინანსისტი ნიკოლოზ მურღაია კითვაზე პასუხად, – რას გააძვირებს დენის დაანონსებული გაძვირება?
სემეკის გადაწყვეტილებით, დენის გადასახადი იზრდება. ახალ ტარიფებს სემეკი 29 დეკემბრის სხდომაზე დაადგენს.
კიდევ რომელ სფეროებზე აისახება დენის ტარიფის გაზრდა? – ინტერვიუ ფინანსისტთან და მენეჯერთან, ნიკოლოზ შურღაიასთან
· ბატონო ნიკოლოზ, რას გააძვირებს დენის ტარიფის გაზრდა?
ზოგადად ნორმალური პროცესია, რომ დენის ტარიფი იყოს გადახედილი პერიოდულად. ამავე დროს, უკვე მაღალი ინფლაცია გვაქვს ქვეყანაში: 5.2 % იყო, ახლა არის 4.8 %. არ მჯერა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდება, პირიქით, უფრო მეტ ალბათობას გაზრდისკენ ვხედავ.
რაიმეს გაძვირება არასდროს არის სასიამოვნო. დენის გაძვირება ერთ-ერთი ისეთი რამაა, რაც ყველაფერს ეხება. ეხება როგორც მომხმარებელს – მოსახლეობას, ასევე – ინდუსტრიას. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რამდენადაც უფრო გაძვირდება დენის ტარიფი, იმდენად გადავა ყველაფერზე, აისახება სხვა პროდუქტების ფასებზე.
მაგალითად, თუ პურის მცხობელს გაუძვირდა დენი, ბუნებრივია, ეს მან თავისი მოგებიდან უნდა დაფაროს, ანუ თავად მოიკლოს, ან ასახოს საბოლოო პროდუქტის ფასში.
ვვარაუდობ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მწარმოებლებისთვის გაძვირებული დენის საფასური გადავა საბოლოო პროდუქტის ფასში, ადრე თუ გვიან.
განსაკუთრებით ეს აისახება ისეთ პროდუქტებზე, სადაც მარჟა დაბალია, ანუ ფასთა შორის სხვაობა თვითღირებულებასა და გასაყიდ ფასს შორის დაბალია, ხოლო დიდ წილს წარმოადგენს დენის საფასური – პურის საცხობები ერთ-ერთი ასეთი ადგილია.
უხეშად რომ გავითვალოთ, თუ საცხობისთვის ხარჯების 60 %-ს შეადგენს ელექტროენერგია, ხოლო ტარიფი გაიზრდება 10 %-ით, გამოდის, რომ 6%-ით იზრდება თვითღირებულება. დავუშვათ, 1% იზარალა, 5%-ით მაინც ხომ უნდა მოუმატოს მცხობელმა პურის ფასს?
ეს შეაწუხებს პირდაპირ, ასევე, მაგალითად, ლითონის მწარმოებლებს, ვინც ფოლადს აწარმოებს. ეს გადავა მწარმოებლის ფასების ინდექსზე. ვინც ფოლადს აწარმოებს, ვთქვათ, მილს, ამ მილის ფასი გაძვირდება.
ზოგიერთი პროდუქტის წარმოებაზე შესაძლებელია ისეთი მგრძნობიარე არ იყოს დენის ტარიფის გაზრდა, რადგან ელექტროენერგიის გამოყენებას დიდი წილი არ ჰქონდეს.
· დენის ზრდა აისახება სხვა სფეროებზეც? მაგალითად, კლინიკის მომსახურებაზე, სადაც კვლევების ჩატარება და სამედიცინო ტექნიკის გამოყენებას ელექტროენერგია სჭირდება?
კლინიკაში სადიაგნოსტიკო აპარატურა დენს მოიხმარს, მაგრამ ასეთი დიდი მოხმარება არ არის დენის, როგორც, მაგალითად, პურის წარმოების დროს.
დენის ტარიფის ზრდა, პირველ რიგში, ენერგოტევად წარმოებებზე აისახება და ეს უფრო აისახება დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე: მაგალითად პურის ფასის გაძვირება… უფრო დაბალშემოსავლიან მოსახლეობას ეხება, რადგან მათი მოხმარების დიდი წილი სამომხმარებლო პროდუქტების მოხმარებაა, ინფლაცია კი 5%-ია, მაგრამ ღარიბ მოსახლეობაში საკვებ პროდუქტებზე ინფლაცია 10%-ს აჭარბებს.
· როცა პური და საკვები გაძვირდება, ეს ეხება ყველას. როგორ აისახება ეს ღარიბებზე უფრო მეტად?
ღარიბი ადამიანი, რომელსაც აქვს, მაგალითად, 500 ლარი თვეში შემოსავალი, თითქმის მთელ ფულს ხარჯავს საკვებში. საკვებში მეტია ინფლაცია, ანუ უკვე არის 10%.
ხოლო თუ მდიდარი ადამიანი ხართ, თქვენი ხარჯების 90%,არის, მაგალითად, ავტომანქანის, ან ძვირფასი ტანსაცმლის შეძენა, იქ ასეთი ფასების მატება არ ხდება.
ღარიბის შემთხვევაში, რომელიც მთელ ფულს საჭმელზე ხარჯავს, მაღალია ინფლაციაა, ამიტომაც, მას მეტად აწვება ეს ზრდა.
ვნახოთ, სემეკი როგორ დაასაბუთებს ამას, თუმცა ჩემი აზრით, შეეცდებიან, რომ უფრო პოპულისტური გადაწყვეტილება მიიღონ – მოსახლეობა დაზოგონ და წარმოება დატვირთონ, მაგრამ ეს დღეს თუ არა ხვალ მაინც მოსახლეობაზე გადავა.
გაძვირება ყველას შეეხება. წარმოვიდგინოთ, მაგალითად, სასტუმრო. სასტუმროში დიდი წილი არ აქვს ელექტროენერგიას, მაგრამ სასტუმროს მფლობელს მოგება შეუმცირდება.
მეტრო, ან პურის მცხობელი სულ სხვა ამბავია – თვითღირებულებაში ძალიან დიდი წილია ელექტროენერგიის ფასი. ამიტომაც, შეიძლება ამან ასეთ დარგებში კასკადური გაძვირება გამოიწვიოს.
· ამ დროს როგორ უნდა მოქმედებდეს სემეკი, რას უნდა ითვალისწინებდეს?
სემეკის მოვალეობაა, მოგების სამართლიანი ნორმა უზრუნველყოს ელექტროენერგიის მწარმოებლებისთვის. თუ ფასს საერთოდ არ გაზრდის, ეს იქნება პოპულიზმი – ეს დააწვება აუცილებლად ელექტროენერგიის მწარმოებლებს და შესაბამისად, ისინი არ დააბანდებენ შემდეგ ფულს საწარმოების განსავითარებლად.
ამიტომაც, ტარიფების გადახედვა ნორმალური ეკონომიკური პროცესია და საჭირო.
თუმცა, ამავე დროს სანახავია, ისინი ამ გადაწყვეტილებებს რამდენად იღებენ იმის მიხედვით, თუ რა თვითღირებულება აქვთ ამ მწარმოებლებს.მწარმოებლებმა უნდა დაასაბუთონ ტარიფის ზრდის საჭიროება. მარტო პირდაპირ ხარჯებზე არ არის საუბარი, ვთქვათ, თანამშრომლები მეტი მოვიყვანე, არამედ კაპიტალის ბევრი ფაქტორია: რა კაპიტალდაბანდებებს აკეთებს და ასე შემდეგ. ჰიდროელექტროსადგური რომ ააშენოთ, დიდი რაოდენობით კაპიტალური ინვესტიცია უნდა განახორციელოთ, მერე იმის ცვეთა უნდა იანგარიშოთ და ასე შემდეგ.
უნდა ვნახოთ, რამდენით გაიზრდება დენის ტარიფი, ვნახოთ, რა დასაბუთება ექნება სემეკს. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში ეს გადადის ეკონომიკის სხვადასხვა დარგში.
წესით სემეკი უნდა იყოს დამოუკიდებელი და გადაწყვეტილებებს იღებდეს თავისი წესის მიხედვით. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყოს სემეკის დამოუკიდებლობა და ისეთი ფუნქციონირება, რომ იქ სწორი გადაწყვეტილებები მიიღონ.
არ ვარ ამ დარგის სპეციალისტი და რეგულარულად არ ვადევნებ თვალს მათ საქმიანობას, თუმცა, მახსოვს გადაწყვეტილებები, რომლებიც არ მომეწონა – მაგალითად, როცა პოპულისტურად არ უზრდიან ფასს მოსახლეობას, მაგრამ ეს დარგს აზარალებს გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან ინვესტორებს ინტერესი ეკარგებათ.
მაგალითად, რამდენად იოლად ახერხებენ ახალი საწარმოები, დაერთებას ელექტროენერგიის წყაროებთან? თქვენ შეიძლება ჰიდროელექტროსადგური ააშენოთ, მაგრამ თუ ვერ უერთდებით ცენტრალურ ხაზს, რომ გაყიდოთ თქვენი პროდუქცია, ფაქტობრივად, ჩაკეტილი ხართ.
სემეკის, როგორც ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მოვალეობაა, დარგი ეფექტურად ვითარდებოდეს.
batumelebi.netgazeti.ge




