ევროპარლამენტის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ რეზოლუციის მიღებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება:
“კიდევ ერთხელ, ევროპა საქართველოს ურყევ მხარდაჭერას უცხადებს. მადლობა ევროპარლამენტს თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ გადამწყვეტი რეზოლუციისთვის, რომელიც ხაზს უსვამს საერთაშორისო საზოგადოების როლს იმ გამოწვევებთან დაპირისპირებაში, რომელთა წინაშეც დგანან საქართველოს მოქალაქეები რუსეთის მუდმივი ოკუპაციის გამო”, – წერს ზურაბიშვილი.
ევროპარლამენტმა აღნიშნული რეზოლუცია ცოტა ხნის წინ მიიღო. ევროპარლამენტარები გმობენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას, ისინი მიმართავენ ევროპულ საბჭოს, შეიქმნას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ანალოგი და დაუწესდეს სანქციები იმ პირებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ადამიანების უფლებების რღვევაზე არიან პასუხისმგებლები.