ნოემბერში რუსეთის ფედერაციის ოლქ ბურიატიაში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ნებადართულია მაწანწალა ცხოველების დახოცვა, თუ ისინი თავშესაფარში ცხოვრებიდან ერთი თვის შემდეგ ვერ გაჩუქდებიან. კანონის აღსრულება ადგილობრივმა ხელისუფლებამ 2024 წლიდან უკვე დაიწყო, ამიტომ ადგილობრივ მოსახლეობას თავშესაფრიდან მასობრივად გამოჰყავს ძაღლები და ფოსტისა და რკინიგზის საშუალებით ცხოველებს მოსკოვში, ხაბაროვსკში, პერმში, ნოვოსიბირსკში და სხვა ქალაქებში გზავნიან, ანუ რუსეთის იმ ქალაქებში, სადაც მაწანწალა ძაღლების დახოცვა ჯერჯერობით ნებადართული არ არის, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს კანონი სხვა ოლქებშიც მიიღონ.
ცნობილი გახდა, რომ 10 იანვარს ბურიატის “ანანდას“ თავშესაფარში 18 ძაღლის ევთანაზია მოხდა.
“ვეტერინარული განყოფილების ძაღლებს ევთანაზია გაუკეთეს, რადგან მათ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდათ, თუმცა მათი გადარჩენა შეიძლებოდა“, – განუცხადა BBC-ს მოხალისემ სტელა ოვსოიანმა. “მათ ერთი-ორი კვირა სჭირდებოდათ, რომ გამოჯანმრთლებულიყვნენ, სათანადო მკურნალობა მიეღოთ და ამის შემდეგ უსაფრთხოდ “გაეშვილებინათ“.
ანანდას თავშესაფარში დაახლოებით 2 ათასი ცხოველია. ულან-უდეში სახელმწიფო პროგრამით ფუნქციონირებს კიდევ ერთი თავშესაფარი – მაგრამ ცხოველთა უფლებების დამცველებს იქ არ უშვებენ. რეგიონის დანარჩენი ძაღლების თავშესაფრები მთლიანად კერძოა, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ მყოფი ცხოველები სახელმწიფოს არ ეკუთვნის და მათ სიკვდილის საფრთხე არ ემუქრებათ. მაგრამ ისინი ახლა უკვე გადატვირთულია.
როგორ კონტროლდებოდა აქამდე მაწანწალა ძაღლების პრობლემა?
სინამდვილეში, ბურიატიისთვის ახალი არაფერია. სახელმწიფო აქამდეც ხოცავდა ძაღლებს, ოღონდ მაშინ მიზეზად გამვლელების კბენა სახელდებოდა.
ბურიატიაში ახლა 25 სანტიმეტრზე მეტი სიმაღლის ყველა ძაღლი პოტენციურად საშიშად არის გამოცხადებული. იქ ფიქრობენ, რომ კანონის აღსრულება ხელს შეუწყობს, რომ ქუჩაში ძაღლები აღარ იყვნენ. ცხოველთა დამცველებმა ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.