კიბერუსაფრთხოების ექსპერტები: გაჟონილია საქართველოს მილიონობით მოქალაქის პირადი მონაცემები

გამოცემა Cybernews-ის ცნობით, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ფართო მასშტაბის მონაცემთა გაჟონვის შედეგად საზოგადოებისთვის დროებით ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მოსახლეობის კონფიდენციალური პირადი მონაცემები.
დაუცველი მონაცემები აღმოაჩინეს კიბერუსაფრთხოების სფეროს ანალიტიკოსმა და SecurityDiscovery.com-ის მფლობელმა, ბობ დიაჩენკომ, და გამოცემა Cybernews-ის ექსპერტებმა.
ინფორმაცია განთავსებული იყო მონაცემთა ანალიტიკის პლატფორმა Elasticsearch-ზე, სერვერზე, რომელსაც ფლობს კლაუდ სერვისის გერმანული პროვაიდერი.
დაუცველ მონაცემთა ერთი ნაწილი შეიცავდა თითქმის ხუთი მილიონი კერძო პირის მონაცემთა ჩანაწერებს, მეორე კი შვიდ მილიონზე მეტ სატელეფონო მონაცემს მათთან დაკავშირებული პირადი ინფორმაციით.
„როგორც ჩანს, მონაცემები შეგროვებულია და თავმოყრილია სხვადასხვა წყაროდან, შესაძლოა, მოიცავს სამთავრობო ან კომერციულ მონაცემებს,“ თქვა დიაჩენკომ.
სპეციალისტთა აზრით, მონაცემები მოიცავს სავარაუდოდ 2020 წელს გაჟონილ ინფორმაციას, მაგრამ ეს მონაცემები, როგორც ჩანს, კომბინირებულია მოქალაქეთა 7,2 მილიონ სატელეფონო ნომერთან და იდენტიფიკატორთან, ასევე 1,45 მილიონი ავტომობილის მფლობელის შესახებ ინფორმაციასთან.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტების თქმით, ვინ განკარგავდა ინტერნეტში განთავსებულ მონაცემებს, არაა ცნობილი.
გაჟონილი მონაცემები აღმოჩენიდან ცოტა ხანშივე აიღეს სერვერიდან.
მიუხედავად ამისა, მილიონობით ადამიანს შეიძლება კვლავაც ემუქრებოდეს საფრთხე.
დიაჩენკოს თანახმად, მონაცემთა მფლობელობის თაობაზე სიცხადის გარეშე ძნელია დაზარალებული პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
როგორც გამოცემა Cybernews შენიშნავს, საქართველოს მილიონობით მოქალაქის მონაცემთა გაჟონვას შესაძლოა მძიმე შედეგები მოჰყვეს, „განსაკუთრებით არსებულ გეოპოლიტიკურ კლიმატში – სერიოზული დაძაბულობის, პოლარიზაციისა და ს გავლენის პირობებში“.
„აქტორებმა, რომელთაგანაც მომდინარეობს საფრთხე, პირადი მონაცემები შეიძლება იარაღად გამოიყენონ როგორც პოლიტიკური, ისე დანაშაულებრივი ქმედებებისთვის. სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედმა ჰაკერებმა შეიძლება გაჟონვა გამოიყენონ პოლიტიკური მანიპულაციის, დეზინფორმაციის კამპანიების ან მიზანმიმართული თავდასხმებისთვის, მოგების მოსურნე ჰაკერებმა კი მონაცემები სხვადასხვა მავნე საქმიანობისთვის გამოიყენონ“, თქვა დიაჩენკომ.
„პირადი იდენტიფიკატორების, მისამართებისა და ტელეფონის ნომრების ნაკრები შესაძლოა ბოროტგანმზრახველთა ხელში იყოს და შეიძლება გამოყენებულ იქნეს თაღლითობის ან ზეგავლენის მოხდენის კამპანიებისთვის. რეგიონში, სადაც გეოპოლიტიკური დაძაბულობა მაღალია, პირადი ინფორმაციის არაკანონიერად გამოყენებამ შეიძლება კიდევ უფრო მეტად მოახდინოს ნდობის დესტაბილიზაცია საზოგადოებაში, შექმნას შესაძლებლობები დეზინფორმაციისთვის და ზიანი მიაყენოს დაუცველ პირებს,“ განაცხადა დიაჩენკომ.
ფორუმი