კვლევების თანახმად, ემანუელ მაკრონის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა
კვლევითი ორგანიზაციის, Verian Group-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ემანუელ მაკრონის რეიტინგი 11%-ს შეადგენს. გამოკითხვა ფრანგულ გამოცემა Le Figaro-ში გამოქვეყნდა და 1 000 რესპონდენტს მოიცავდა.
ეს ამავე კომპანიის მიერ ჩატარებულ გამოკითხვების ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. მანამდე ანტირეკორდი ეკუთვნოდა მაკრონის წინამორბედს, ფრანსუა ოლანდს.
Verian-ის შეფასებით, მაკრონი და ოლანდი 1981 წლის შემდეგ საფრანგეთის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტები არიან.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, ეს უკავშირდება მაკრონის ისეთ არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს, როგორებიცაა საპენსიო ასაკის გაზრდა და 2024 წელს პარლამენტის დაშლა, რასაც საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.
Ipsos-ის გამოკითხვით, რომელიც ამ თვის დასაწყისში გამოქვეყნდა, მაკრონის რეიტინგი 19%-ია, ხოლო Odoxa-ის გამოკითხვამ, რომელიც ამ კვირას გასაჯაროვდა, აჩვენა, რომ ფრანგების მხოლოდ 20%-ი მიიჩნევს მაკრონს „კარგ პრეზიდენტად“.
„მაკრონი მუდმივად ეყრდნობა გამოკითხვებს. ის ბრმა ან ყრუ უნდა იყოს, რომ ვერ ხვდებოდეს, რამდენად არაპოპულარულია. მაკრონს ცუდად ესმის იმ შედეგების სიღრმე, რასაც ის რეფორმები იწვევს, რომლებიც თავად მას ქვეყნისთვის აუცილებელი ჰგონია“, – განუცხადა „პოლიტიკოს“ საფრანგეთის პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, რომელმაც მედიასთან ანონიმურობა ითხოვა.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროპელთა პესიმიზმი საკუთარი ლიდერების მიმართ ზოგადად იზრდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მხარდაჭერა 20 პროცენტზე დაბალია, ხოლო გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის რეიტინგი სულ ახლახან 25%-მდე დაეცა.




