BMGTV-ის გადაცემას „საქმიანი დილა“ ბრიტანული უნივერსიტეტის წარმომადგენლები – „ბრიტანეთის კვლევების“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ანი დემეტრაშვილი და უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნოდარ ტანგიაშვილი ესტუმრნენ. სტუმრებმა მაყურებელს ორი სამაგისტრო პროგრამა: „ბრიტანული კვლევები“ და „საჯარო პოლიტიკა და მმართველობა“ გააცნეს და მათ უპირატესობებზე ისაუბრეს.
როგორც ანი დემეტრაშვილმა განმარტა, „ბრიტანული კვლევების“ სამაგისტრო პროგრამა ინგლისურენოვანია, მოიცავს 120 კრედიტს და ორი სასწავლო წლის განმავლობაში გრძელდება. პროგრამა განკუთვნილია იმ პირებისთვის, ვინც დაინტერესებულია ბრიტანეთის სამართლებრივი, ეკონომიკური, ბიზნესისა და სხვა მიმართულებებით. დემეტრაშვილის თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულება დიდ ყურადღებას აქცევს სტუდენტების კვლევითი და აკადემიური უნარების განვითარებას, ასევე სთავაზობს სამუშაო ვიზიტებს ლონდონსა და ევროპის სხვადასხვა ქალაქებში, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რეალურ გარემოში გაიღრმაონ პროფესიული უნარები.
„პროგრამა “ბრიტანული კვლევები” მოიცავს დიდი ბრიტანეთის ირგვლივ ყველა კურსს, როგორიცაა სამართლებრივი მიმართულება, ეკონომიკა, ბიზნესი და ა.შ. პროგრამაში ხაზგასმულია კვლევითი უნარების განვითარება. თითოეული კურსი ორი სემესტრის განმავლობაში გრძელდება, რათა სტუდენტებმა კვლევითი უნარები გაიღრმაონ. ასევე, პროგრამაში ხაზგასმულია აკადემიური უნარების განვითარებაც, როგორიცაა მაგალითად აკადემიური წერა და სხვა.
სტუდენტების სამუშაო ვიზიტებით გაშვება ორივე პროგრამაში გვაქვს. მოიაზრება ლონდონში და არა მხოლოდ, სამუშაო ვიზიტებით გაშვება. “ბრიტანეთის კვლევის” პროგრამის შემთხვევაში, ეს იქნება სასწავლო/სამუშაო ვიზიტები სკოლებში. ეს ყველაფერი თანხმდება კანდიდატთან და ინტერვიუს საფუძველზე კომპანია სტუდენტს ირჩევს და ასევე, სტუდენტი კომპანიას ირჩევს. ძალიან კარგი შესაძლებლობაა ადამიანისთვის, რადგან ივითარებენ უნარებს რაც შემდეგ უკვე პრაქტიკაში დასჭირდებათ და ბრიტანეთის საგანმანათლებლო სისტემასაც ახლოს ეცნობიან“, – ამბობს ანი დემეტრაშვილი.
მისივე განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ პროგრამა ინგლისურენოვანია, ბრიტანული უნივერსიტეტი B2 ინგლისური დონის დაკმაყოფილებას ითხოვს. იმ შემთხვევაში კი, თუ სტუდენტს საერთაშორისო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი არ აქვს, სასწავლებელი სტუდენტის ტესტირებას თავად უზრუნველყოფს.
ნოდარ ტანგიაშვილმა კი გადაცემაში „საჯარო პოლიტიკისა და მმართველობის“ სამაგისტრო პროგრამაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს კარიერა საჯარო სექტორში ან საერთაშორისო კვლევით ორგანიზაციებში განავითაროს, თუმცა მიღებული ცოდნა წარმატებით შეიძლება გამოიყენოს კერძო სექტორშიც.
“დიდ აქცენტს ვაკეთებთ მონაცემების ანალიზსა და კვლევებზე, რადგან დღევანდელი სამყარო მონაცემების და მტკიცებულებების გარეშე წარმოუდგენელია. ყველა დებატები, რომელიც სამთავრობო გადაწყვეტილებებს ეხება, არ არის იმ ხარისხის, თუ ის არ ეფუძნება კვლევით და მონაცემებისეულ მტკიცებულებებს. ამიტომ თავიდანვე აქცენტი კეთდება კვლევებსა და მონაცემების გამოყენებაზე. არა უბრალოდ თეორიაზე, არამედ ინფორმაციის ანალიზზეც, ანუ როგორ უნდა მოხდეს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება. რა არის ეფექტურობა? ასევე, ჩვენ ვასწავლით პროგრამას, რომელსაც ბევრი არ ასწავლის, ეს არის პოლიტიკის კომუნიკაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება ძალიან სწორი და ღრმა გადაწყვეტები მოიფიქრო, მაგრამ თუ არ დაარწმუნე სამიზნე ჯგუფები, ამ გადაწყვეტას ვერ განახორციელებ, რადგან არ გეყოლება შესაბამისი რაოდენობის მხარდამჭერები. ამიტომ აქცენტს როგორც წერით, ზეპირ კომუნიკაციაზეც ვაკეთებთ“, – აცხადებს “ბრიტანული უნივერსიტეტის” ასოცირებული პროფესორი.
მისივე თქმით, სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია სამუშაო ვიზიტებიც ევროპულ ქალაქებში, სადაც ისინი თანამედროვე მმართველობითი პროცესების წარმმართველ ინსტიტუტებს გაეცნობიან.




