სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმ ფაქტორებს შორის, რომლებმაც გავლენა იქონია რესპონდენტებზე, ხმა მიეცათ რომელიმე პოლიტიკური ძალისთვის, გამოიკვეთა ორი: ხელისუფლების („ქართული ოცნების“) ცვლილების აუცილებლობა – 36% და სიღარიბის დაძლევა/ეკონომიკური პრობლემების მოგვარება – 36.3%
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გზავნილებს, მათ შორის “ომში ჩართვის საფრთხეს” და ე.წ. ლგბტ პროპაგანდისგან დაცვას, ISSA-ს კვლევის მიხედვით, ამ ფაქტორებს ხმის მიცემისას შემდეგი გავლენა ჰქონდათ:
· რუსეთთან ომის საფრთხის თავიდან აცილება – 25.5%
· ლგბტ პროპაგანდისგან დაცვა – 5.5%
· ნაციონალური მოძრაობის გასამართლება – 3.1%
· მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვება – 1.8%
· ოჯახის სიწმინდის და ეროვნული ღირებულებების დაცვა – 13.7%
ამასთან, ISSA-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (51.3%) აცხადებს, რომ არჩევნებში ხმა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას მისცა, ხოლო დაახლოებით მესამედი (32%) ადასტურებს „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემას.
რაც შეეხება ამჟამინდელ მოცემულობას, რესპონდენტთა უმრავლესობა (55%-მდე) არ იზიარებს მოსაზრებას, რომ თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ დარჩება, გაიზრდება საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვის საფრთხე.
რესპონდენტთა 35.5% იზიარებს მოსაზრებას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემთხვევაში, რუსეთთან ომში ჩართვის საფრთხე არსებობს. თუმცა ამაში დარწმუნებულია, მხოლოდ 15.3%.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიებს ე.წ. გლობალური ომის პარტიისა და „დიფ სთეითის“ შესახებ, გამოკითხვის მიხედვით, „დიფ სთეითის“ და გლობალური ომის პარტიის ანტიქართული გავლენების შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებები არადამაჯერებლად მიაჩნია უმრავლესობას (54,2%), ხოლო დამაჯერებლად თითქმის მეხუთედს (19.5%). ამასთან, კვლევის მიხედვით, ყოველ მეოთხე რესპონდენტს (25.3%) გაუჭირდა პოზიციის გამოხატვა.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ იანვარში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით; გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი“ (ISSA) არის კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ფუნქციონირებს 2000 წლიდან. ორგანიზაცია ატარებს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კვლევებს. 25 წლის მანძილზე „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტს“ ჩატარებული აქვს ასობით კვლევა სხვადასხვა სფეროში, რომელთა შედეგები დაბეჭდილია მაღალრეტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში და, აგრეთვე, გამოცემულია მონოგრაფიების სახით. ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
