პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი, ამბობს, რომ ვაშინგტონი შეშფოთებული რჩება საქართველოში არსებული სიტუაციით.
გამოცემა „Globalnews.ge“-მა ჰკითხა სალივანს, როგორ აფასებს ჩინეთის სურვილს, ანაკლიის პორტში მიიღოს მონაწილეობა და რას ფიქრობს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საარჩევნო პროცესის ტრაექტორიასთან დაკავშირებით და კვლავაც შეშფოთებული ვართ ამის გამო. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისუფალ და სამართლიან პროცესში. არა მგონია, საქართველოში ვინმეს სურდეს, საკუთარი ქვეყანა ჩადოს სხვა ქვეყნის ინტერესებში, მათ შორის, ჩინეთის“, – უპასუხა სალივანმა [Globalnews-ის თარგმანი].