კვირას წითელ ზღვაში თავს დაესხნენ აშშ-ის სამხედრო გემს და რამდენიმე სამოქალაქო ხომალდს

კვირას წითელ ზღვაში თავს დაესხნენ -ის სამხედრო გემს, USS Carney-სა და რამდენიმე სამოქალაქო ხომალდს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება დამატებითი დეტალების გარეშე. კერძოდ, ანგარიშში არ არის ნათქვამი, დაზიანდა თუ არა რომელიმე გემი ან ვინ მოაწყო თავდასხმა.
ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის სააგენტომ კვირას განაცხადა, რომ მიიღო შეტყობინება ბრიტანულ სავაჭრო გემზე დრონის თავდასხმის შესახებ ბაბ ელ-მანდების სრუტეში, რომელიც წითელ ზღვას ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს. სრუტე არის ნაოსნობის მნიშვნელოვანი არტერია, რომლის მეშვეობითაც სუეცის არხის გავლით გადააქვთ ტვირთები ინდოეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ევროპაში და საპირისპირო მიმართულებით.
მოგვიანებით პროირანული დაჯგუფება Ansar Allah-ის წარმომადგენლებმა, რომლებიც ჰუთიტების სახელით არიან ცნობილი და რომლებიც იემენის ტერიტორიის ნაწილს აკონტროლებენ, განაცხადეს, რომ ისინი ს ორ გემს დაესხნენ თავს წითელ ზღვაში. ერთს, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა ესროლეს, მეორეს კი დრონებით დაესხნენ თავს. ჰუთიტები ადრეც ესხმოდნენ თავს გემებს წითელ ზღვასა და ბაბ ელ-მანდების სრუტეში და აცხადებდნენ, რომ ისინი ისრაელის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ და თავს დაესხმებიან ისრაელთან და მის მოკავშირეებთან დაკავშირებულ გემებს.
ჯერ არ მოიპოვება ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ გემებს დაესხნენ თავს და არიან თუ არა ისინი დაკავშირებული ისრაელთან. Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა ორი ბრიტანული სავაჭრო გემი – მშრალი ტვირთმზიდი გემი და კონტეინერების მზიდი გემი. ამის ოფიციალური დადასტურება არ მოიპოვება. ასევე, ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ.
ნოემბერში ჰუთიტებმა წითელ ზღვაში ისრაელის ბიზნესმენის კუთვნილი სავაჭრო გემი დააკავეს. ასევე ჰუთიტებმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს, მაგრამ მათ მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგან ისინი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს. რაკეტების დაჭერაში მონაწილეობა მიიღო აშშ-ის სამხედრო ხომალდმა Carney-მაც.
ამჟამინდელი თავდასხმა განხორციელდა ღაზის სექტორში განახლებული ბრძოლის ფონზე ისრაელის სამხედროებსა და რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის, რომელსაც შეერთებული შტატები და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ. იემენელი ჰუთიტები მხარს უჭერენ „ჰამასს“.