პლატფორმა „X“-ზე გამოქვეყნებულმა ვიდეომ კვიპროსში პოლიტიკური რყევები გამოიწვია. მასში საუბარია იმაზე, თუ როგორი საეჭვო გზებით იმართება 2028 წლის საარჩევნო კამპანიის სახსრები, ასევე ნაჩვენებია ქვეყნის პრეზიდენტის გარემოცვასთან წვდომის მექანიზმები. კვიპროსის მთავრობა მომხდარს „ცილისწამების კამპანიასა“ და ჰიბრიდულ თავდასხმას უწოდებს, ოპოზიცია კი განმარტებებს ითხოვს.
ვიდეო ეხება პრეზიდენტ ნიკოს ხრისტოდულიდესის გარემოცვის ორ წევრს – მისი ოფისის დირექტორსა და ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს. ისინი, სავარაუდოდ, განიხილავენ გზებს, თუ როგორ შეიძლება რესპუბლიკის პრეზიდენტთან კონტაქტების დამყარება.
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ხრისტოდულიდესთან დაახლოების მეთოდზე საუბრისას, ამბობს: „გააკეთეთ დონაცია კვიპროსისთვის“, თუმცა არ აკეთებს მინიშნებას, რომ ფული სხვა საქმისთვის უნდა იყოს გამოყენებული. მიუხედავად ამისა, თავად ეს ფაქტი უკვე კითხვებს ბადებს.
ოპოზიცია საპრეზიდენტო ოფისის დირექტორის გადადგომას და რესპუბლიკის პრეზიდენტისგან განმარტებებს ითხოვს. მათი თქმით, პრეზიდენტი პერსონალურად დგას დარტყმის ქვეშ.
საქმე კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იმის გამო იძენს, რომ ინფორმაცია ზუსტად იმ დროს გავრცელდა, როდესაც კვიპროსმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გადაიბარა. „არსებობს ბევრი ხარვეზი და უზუსტობა, რომელიც გამოძიებას საჭიროებს“, – ამბობენ სამთავრობო წრეებში.
ამავდროულად, კვიპროსული გაზეთი იუწყება, რომ ვიდეოში აღმოჩენილია „თურქული კვალი“, რაც ამყარებს ეჭვს შესაძლო ჰიბრიდული თავდასხმის შესახებ, რაზეც მთავრობის წარმომადგენელმა პრეზიდენტის სახელით უკვე მიანიშნა.
წყარო: 1 არხი




