კვერცხის მწარმოებელს დღგ-ის გადასახადის შემცირების მოლოდინი აქვს

„კუმისის“ მეფრინველეობის ფაბრიკის დირექტორი გოგიტა მაისურაძე აცხადებს, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებებში „კეთილსაიმედო მოლოდინები“ გაჩნდა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მეფრინველეობის დარგს აწუხებს.
როგორც მაისურაძემ BMG-ის ეთერში განაცხადა, კვერცხის ადგილობრივ მწარმოებლებს აწუხებთ იმპორტირებული კვერცხის დაბალი ფასი და დღგ-ის მაღალი გადასახადი. მაისურაძის აზრით, ამ საკითხებზე მთავრობასთან შეთანხმება შესაძლებელია, რამაც მწარმოებლებს კვერცხის ფასის შემცირების მოტივაცია მისცა.
„ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა სამთავრობო უწყებებთან და გამოიკვეთა კეთილსაიმედო მოლოდინები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ამ დარგს აწუხებს. პირველი საკითხი არის იმპორტირებული პროდუქციის ძალიან დაბალი ფასი, რაც მტკივნეულად აისახება ადგილობრივ მწარმოებლებზე. როდესაც კრიტიკულად დაბალია იმპორტირებული პროდუქციის ფასი, ჩვენ გვიწევს, მერე უკუსვლით რაღაც ღონისძიებების გატარება. აქ დაიგეგმა მთელი რიგი ისეთი მომენტები, სადაც ვფიქრობთ, რომ გადაკვეთის წერტილებს ნამდვილად ვიპოვით“, — განაცხადა მაისურაძემ.
მეორე მტკივნეულ საკითხად მან დღგ-ის 18%-იანი გადასახადი დაასახელა.
„ფრინველის ხორცი და ფრინველის კვერცხი 18%-ით იბეგრება, სხვა დანარჩენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან… ეს ორი მტკივნეული საკითხი ჩვენ გავაჟღერეთ მთავრობის სხდომაზე და პრემიერთან ამ საკითხზე ვისაუბრეთ. ბევრი საერთო გადაკვეთის წერტილები გაჩნდა და მოლოდინები გაგვიჩნდა, რომ ეს საკითხები მოგვარებადია. არის დიდი მზაობა იმისა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ვიპოვოთ გადაკვეთები“, — განაცხადა მაისურაძემ.
კითხვაზე, არის მთავრობის მზაობა დღგ-ს დიფერენცირებასთან, შემცირებასთან დაკავშირებით, მაისურაძემ უპასუხა: „კი, არის მზაობა. თუმცაღა იმის თქმა რთულია, ზუსტად რა ციფრზე, რა მოდელზე შევთანხმდებით, მაგრამ ძალიან აქტიური მუშაობა მიდის ამ კუთხით და ამას მივესალმებით. აქედან გამომდინარე, ამ მოლოდინებმა, სოციალურმა მდგომარეობამ, პრემიერის ინიციატივამ მოგვცა მოტივი, რომ ეს ნაბიჯი გადაგვედგა“, — დასძინა მაისურაძემ.
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები — „სავანეთი“, „დილა“, „კოდა“ და „კუმისი“ — აცხადებენ, რომ პრემიერის ინიციატივის შესაბამისად, მათ მიერ წარმოებულ კვერცხზე, როგორც პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტზე, ფასის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
მათი განცხადებით, ფასი 5%-ით შემცირდება.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში კვერცხი საშუალოდ 2 თეთრით გაძვირდა.
„ქართული ოცნების“ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ქვეყანაში სასურსათო ფასების სიძვირე მაღალ ფასნამატს და მოგების მაღალ მარჟებს დაუკავშირა. მან საგამოძიებო უწყებებს მოუწოდა, შეისწავლონ ეს საკითხი. ასევე, მოუწოდა საპარლამენტო კომისიის შექმნისკენ.
შედეგად, სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შეიქმნა სამთავრობო კომისია და პარლამენტში სპეციალური კომისია.