თანამედროვე სამყაროში ანიმეები პოპულარულია. ერთ-ერთი ასეთი “მებრძოლი სულია”. ხვიჩა კვარაცხელიასთან პარალელის გავლება რამდენიმე ეპიზოდში შეგვიძლია. ერთ-ერთი მაშინ, როცა ჩემპიონი არ ნებდება, მან იცის, რომ ახალი მიზნები უნდა დაისახოს. მეორეგან იქ, როცა გამარჯვებული ზეწოლის საფრთხეს გრძნობს, თუმცა არ აშინებს. ესაა “კვარას” კარიერა და გზა, რომელიც ნეაპოლიდან პარიზსა და ორი ქვეყნის ჩემპიონობაზე გავიდა. სვლა, ჯერ რომ არ შენელებულა და ყველაზე სანუკვარი, ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა გრძელდება.
როცა კვარაცხელიას ფენომენზე ვსაუბრობთ, ყველაზე მეტად იმის გვწამს, მიზნებს შესრულებულად არცერთ ასაკში არ ჩათვლის
და როგორც ვახტანგ ჯავახაძე თავის ლექსში ამბობს, “მეტისმეტი ოჰო-ოჰოს გამო გულს არ აიყრის.” ეს ადამიანური საკითხი და პრობლემა რომ არ არსებობდეს, ლიტერატურაში ამხელა ადგილს არ დაიკავებდა. დადგე ამგვარ სისუსტეებზე მაღლა, დიდი სწორედ მაშინ ხდები.
ხვიჩას პიროვნებასა და სპორტსმენობაზე დაკვირკვება იმას გვეუბნება, ის არ იხედება უკვე მიღწეულის პოზიციიდან, აქვს ჟინი და იცის, საკუთარ თავზე მუშაობის, განვითარებისა და სიახლეების შეტანის გარეშე ერთ ადგილას შეიძლება გაიყინოს. “კვარა” ზეიმიდან გამოსვლას, კონცენტრაციასა და აზრების დალაგებას მალევე დაიწყებს და იმასაც გაიაზრებს, ჯერ კიდევ ამ სეზონში რომ მისაღწევი ბევრია. თანაც, მისგან ხომ მუდმივად ტექნიკის დემონსტრირებასა და რაღაც ახალს, სხვებისთვის მიუწვდომელს ელიან.
ჩვენც შეგნებულად არ გვინდა, ყველაფერი ახლა ვთქვათ. დარწმუნებულები ვართ, ივნისის ჩათვლით, როცა პსჟ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს, საზეიმოცა და სასაუბროც ბევრი გვექნება. კვარაცხელიამ ელიტარულ ფეხბურთში ფეხი შეგვადგმევინა, შესაბამისად, ამბიციებიც, სურვილებიცა და სიხარულიც გაგვიზარდა.
