ხვიჩა კვარაცხელიას დასამტკიცებელი არაფერი აქვს, ან ვისთვისაც აქვს, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ “ატალანტასთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩში ნამდვილი ვარსკვლავი და უკვე ლიდერობის სრულყოფილი უნარების მქონე “კვარა” ვიხილეთ. მოდით, ულამაზეს გოლს ამ ყველაფრის დამტკიცებაში არ შევიყვანოთ, ეგ ისედაც ყველამ იხილა. მაშ, რა იყო სხვა, უფრო თუ არანაკლებ მნიშვნელოვანი?
ხვიჩა ამ მატჩს არასასურველი აურით შეხვდა. იყო ტრავმა რამდენიმე დღის წინ და ფორმაში შესვლის პრობლემა ამ და სხვა მიზეზებით. ამ ფონზე, კვარაცხელიამ უფრო მეტად მოინდომა დაემტკიცებინა თუნდაც ის, თავის ოპტიმალურ კონდიციებს რომ ეტაპობრივად დაუბრუნდა. ამ რანგის ფეხბურთელებს მცირე კრიზისიც თრგუნავს, მაგრამ “კვარა” უკვე ყველანაირ ემოციას მართავს და ის ნეგატივში კი არ გადაჰყავს, დადებითად აქცევს;
დემბელესა და დუეს არყოფნასა და ბარკოლას კარგი ფორმის პირობებში, თანაც მაშინ, როცა ხვიჩას საყვარელ მარცხენა ფლანგზე სწორედ ბრედლი თამაშობს, ქართველ ფეხბურთელს უნდოდა ეთქვა, რომ ისევ აქაა და რომ არა ის, პარიზელები ამ იდეალურ და სრულყოფილ გუნდს, რაც გასული სეზონის მეორე ნახევრიდან მოყოლებულია, ვერ შექმნიდნენ. ასეც გამოვიდა! ჩვენებური სწორედ შეტევის მთავარი მამოძრავებელი და შემოქმედი იყო. ფეხბურთელი, ვისაც დიდი განსხვავების შექმნა შეუძლია;
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იმ ფოტოს თუ ვნახავთ, სადაც მისი მოძრაობა გრაფიკულადაა გამოსახული, კარგად აღვიქვამთ, თუ რამდენი სამუშაო გასწია და მთელ მოედანს როგორ ფარავდა. “კვარამ” ისიც კიდევ ერთხელ გვაჩვენა, ბურთთან ურთიერთობა და შეტევების წამოწყება რა მარტივად გამოსდის. ესაა ლიდერობის უნარი, იყო იქ, სადაც გუნდს სჭირდება, დაეხმარო დაცვაში, აკონტროლო ტემპი ცენტრში და რამდენიმე ფეხბურთელის მარტივად გამკლავებით თანაგუნდელებს სივრცე შეუქმნა. როცა ისეთი დიდი გუნდის ხერხემალი ხარ, როგორიც დღევანდელი პსჟ-ია, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. კი, ლუის ენრიკეს მართლაც დიდებული ნახევარდაცვა ჰყავს, მაგრამ საქმე იმაშია, როცა შემტევს შეუძლია, ყველგან იყოს და ამით არც მთავარ საქმეს დააკლდეს;
ხვიჩამ ჩვენზე კარგად იცის, რომ მარცხენა ფლანგიდან, როცა ის მარჯვენა ფეხით შუაში შედის, იდეალურად თამაშობს, მაგრამ მწვრთნელის გადაწყვეტილებას, ძირითადად მარჯვნიდან შეუტიოს, იღებს როგორც მოცემულობას და ამ პოზიციაზეც ისეთ უნარებს იმუშავებს, მრავალფეროვანი გახდეს. ან რომც გაშიფრონ, ამით რა? კვარაცხელიას ყოველთვის შეუძლია, რამდენიმე მეურვე არ შეიმჩნიოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბურთის მიღების ეპიზოდში ოდნავი თავისუფლება იგრძნო. ის ბალანსი, რასაც ის ჰაკიმისთან ერთად ფლობს, სამაგალითოა – როგორ უნდა დააზღვიო შეტევაში წასული მცველი და როგორც გარემარბს როგორ გეხმარება როცა ფრთაზე ასეთი ფეხბურთელი გყავს;
თანაგუნდელებთან დამოკიდებულება – ეს საკითხიც უკვე მაღალ დონეზე ჩანდა. იყო ერთი-ორი ეპიზოდი, როცა “კვარამ” ხელები გაშალა, მაგრამ მეორე სეზონის სტარტზე უფრო საგრძნობია ხვიჩას როგორ სიამოვნებს ამ ბიჭებთან ერთად ბურთაობა.
რთულია, ასეთი აწეული თამაშით განაგრძო, სულ ასეთ შედევრს ვერ შექმნი, მუდმივად მოჭარბებული ენერგიაც ვერ გექნება, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი სახე ასე შექმნა. ჰოდა კიდევ მეტია საჭირო, მეტი მრავალფეროვნება და ამოუხსნელობა. ჯერ ეს ფორმის პიკიც არაა, წარმოიდგინეთ წინ რა გველის, მაგრამ “კვარა” რომ საკუთარ თავზე მუშაობას ისე განაგრძობს, როგორც აქამდე და მიღწეულად არაფერს ჩათვლის, ზუსტად ვიცით.
“რეალის” დამარცხება შეგვეძლო” – “მარსელის” მთავარი მწვრთნელი
ხვიჩა ლიგაზე ნაცნობი მეტოქით და მსაჯით იწყებს – მიქაუტაძე დღეს გატანას ლონდონში ეცდება
“ფინალში “ნაპოლისთან” შეხვედრა?” – ხვიჩამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა
დღეს – ასტონ ვილა VS პსჟ – ორბურთიანი უპირატესობით ბირმინგემში
