კვარაცხელია წავიდა, „ნაპოლიმ“ კი მისი შემცვლელი ვერ მონახა – ანტონიო კასანო
Twitch-ის პოდკასტში იტალიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ „ნაპოლის“ საჩემპიონო შანსებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას წასვლა გუნდს ძალიან დაეტყო.
„კონტე სენსაციებს ახერხებს. ის პრობლემების გადაჭრას ცდილობს და ამბობს, რომ მისი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა. წარმოიდგინეთ, „ნაპოლი“ ღირსეული ტრანსფერებით რომ დახმარებოდა, რა გუნდი ეყოლებოდა.
მაგრამ ახლა „ნაპოლის“ არაერთი პრობლემა გააჩნია. ოკაფორი დაიმატეს, მაგრამ ის კვარაცხელია არაა. კონტე მხოლოდ სკუდეტოზე ფიქრობს და თუ მოიგებს, სენსაციურ წარმატებას მიაღწევს. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ სპალეტს ჯერ კიდევ ჰყავდა ისეთი ძლიერი ფეხბურთელები, როგორებიც ოსიმენი და კვარაცხელია არიან.
კონტეს ბევრი პრობლემა აქვს. „ნაპოლი“, ორი თვეა, საუკეთესო მცველის გარეშე თამაშობს. კვარა იანვარში წავიდა და მისი შემცვლელი გუნდმა ვერ მონახა. ლუკაკუ წელს მადლობის გარდა არაფერს იმსახურებს, მაგრამ ის ასაკშია და საკუთარი შესაძლებლობების 40%-ს თუ აჩვენებს“, – ამბობს ანტონიო კასანო.
