ლიგა 1-ის ოცდამეშვიდე ტურში „ლანსმა“ სახლში „ანჟე“ 5:1 გაანადგურა და 59 ქულით გალიდერდა. პსჟ-ს 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 57 ქულით მეორე ადგილზეა და გასვლაზე „ნიცას“ ძალიან გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდება.
მწვრთნელის ლუის ენრიკეს განკარგულებაში ისევ არ იქნებიან ტრავმირებული ფაბიან რუისი და კენტენ ნჯანტუ, კვლავ დაშავდა ჟოაო ნევეში, ბრედლი ბარკოლას მარჯვენა კოჭ-წვივის კუნთის პრობლემა აქვს და ერთი თვე ვერ დაეხმარება გუნდს, აშრაფ ჰაკიმი კი დისკვალიფიცირებულია. დასვენების საშუალება მიეცემათ მცველებს მარკინიოსს და ვილიან პაჩოს. ხვიჩა კვარაცხელია, ალბათ, ძირითად შემადგენლობაში იქნება და დეზირე დუესთან და გონსალო რამუშთან ერთად შეუტევს.
ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელებისთვის ნაკრებებში თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი ამჯერად ამხანაგურ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ბოლომდე არ დაიტვირთებიან და იმედია, შედარებით ნაკლები სათამაშო დრო მიეცემათ.
პსჟ-ს სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: საფონოვი, ზაირ-ემერი, ზაბარნი, ბერალდო, მენდეში, მეილიუ, ვიტინია, ლი, დუე, კვარაცხელია, რამუში.
მატჩი “რივიერაზე” თბილისის დროით 00:05 საათზე დაიწყება.