„ქართული ოცნების“ მთავრობამ ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგინა.
„გამარჯვება, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა არის მთლიანად ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა. და გარდა იმისა, რომ ვულოცავთ, მადლობაც უნდა გადავუხადოთ. ჩვენ გვაქვს ტრადიცია, როდესაც მაღალ მწვერვალებს იპყრობენ ჩვენი სპორტსმენები, წარვადგენთ ხოლმე მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე და ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ზუსტად ის წარმატება, რაც ასეთ დაფასებას იმსახურებს. მას აქვს მიღებული ნაკრებთან ერთად ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის გვინდა წარვადგინოთ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე“, — განაცხადა „ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, უმაღლესი საკლუბო ტურნირები მოგებული აქვს კახა კალაძეს და ზაზა ფაჩულიასაც და დაგვიანებით, მათაც დააჯილდოებენ.
„გვყავს ასევე ორი სპორტსმენი, რომელსაც უმაღლეს საკლუბო ტურნირებში მიღებული აქვთ უმაღლესი ჯილდო. ეს არის ბატონი კახა კალაძე, რომელსაც ორჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა და ეს არის ზაზა ფაჩულია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული NBA — ორჯერ როგორც კალათბურთელს და ერთხელ როგორც მენეჯერს. გადავამოწმეთ და მათ არა აქვთ მიღებული ანალოგიური ჯილდოები. ვფიქრობ, დაგვიანებით, მაგრამ მათი ეს წარმატება უნდა დავაფასოთ. გადავწყვიტეთ, ანალოგიურად კახა კალაძეც და ზაზა ფაჩულიაც წარვადგინოთ წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენზე“, — განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად მიიღო და სპორტსმენებს მიხეილ ყაველაშვილი დააჯილდოებს.