სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ლაციოსთან“ 0:1 დამარცხდა.
ორი დღის წინ „ნაპოლი“ დუბლებით თასზე რომში 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა, ამჯერად კი მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა კონტემ მოედანზე ძირითადი შემადგენლობა გაიყვანა და წვიმიან ამინდში თავიდანვე შეუტიეს. მაკტომინეის დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. მომენტი სტუმრებმაც შექმნეს, როდესაც ისაკსენს მეკარე მერეტმა არ გაატანინა. კვარაცხელია ძალიან მოტივირებული იყო, დიდ შავ სამუშაოს ასრულებდა, შორიდან სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. ხვიჩას ზედიზედ ორჯერ ეუხეშნენ, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია და ქართველს დროებით მოედნის დატოვება
მოუწია. შემდეგ მისი გარღვევა გენდუზიმ წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. საჯარიმო თავად „დაზარალებულმა“ შეასრულა და ოდნავ ააცილა ბურთი კარს.
შესვენების შემდეგ შანსი რომაელებს მიეცათ – დელე-ბაშირუს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ნეპოლელებმა ისევ დაიწყეს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, კვარაცხელიას კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ანგისა შესწვდა, მაგრამ ძელს გაარტყა. კონტემ შეტევის გასაძლიერებლად პოლიტანო ნერესით შეცვალა და „ლაციო“ მლე დაწინაურდა: სწრაფი კონტრიერიშისას ისაკსენი ოლივეირას გაექცა და მერეტის კარი დალაშქრა. მერე საჯარიმოდან ხვიჩას ჩაწოდებული ბურთისას ძაკანისთან ბრძოლაში დი ლორენცო წაიქცა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ბოლოს „ნაპოლი“ ქაოტურ შტურმზე გადავიდა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და ნეაპოლურმა გუნდმა დედაქალაქელებთან ისევ მარცხი განიცადა.
„ნაპოლი“ 32 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება და 14 დეკემბერს გასვლაზე „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.
ნაპოლი – ლაციო 0:1
გოლი: ისაკსენი (79)
ნერეში კვარას ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდებსო, ადლ-ის დავალებით მისი ავატარები გაჰკიოდნენ. შემოვიდა და ლაციოს მოაგებინა. ტიპმა პირადად წააგებინა ნაპოლის.