“კვარას” მძიმე ხვედრი – კონტრაქტის გაგრძელება არ უნდა და შეიძლება “ნაპოლი” დატოვოს” – იტალიური მედია

„ემპოლისთან“ მატჩში მ გოლი გაიტანა და 75-ე წუთზე შეცვალეს. მან უკმაყოფილომ დატოვა მოედანი და როგორც მედია განმარტავს, ამის მიზეზი მისდამი მსაჯების დამოკიდებულებაა, რომლებიც ქართველის მიმართ უხეშობაზე არ რეაგირებენ.
ყოფილმა არბიტრმა ლუკა მარელიმ DAZN-თან თქვა, რომ ხვიჩა გამორჩეული ფეხბურთელია, განსაკუთრებულად მეურვეობენ, თამაშის წესების დარღვევით აჩერებენ და ასეთია ვარსკვლავების ხვედრი. ჟურნალისტი ენრიკო ფედელე აცხადებს, რომ კვარაცხელია გოლის აღნიშვნის დროსაც არაა ბედნიერი და გოლები უფრო მწვრთნელს, ანტონიო კონტეს უხარია.
Sky Sport-ის ჟურნალისტმა ფრანჩესკო მოდუნომ რადიო Mars-ის ეთერში „კვარას“ კონტრაქტის შესაძლო განახლების თაობაზე
გამოთქვა საკუთარი მოსაზრება. მისი აზრით, ქართველი სულაც არაა იმედგაცრუებული, თამაშზე სრულადაა კონცენტრირებული, ის და აგენტი კარგად ერკვევიან ხელშეკრულების გაგრძელების სიტუაციაში, ხვიჩას უკეთესს პირობებს პსჟ სთავაზობდა, მსგავს ხელფასს „ნაპოლი“ ვერ გადაუხდის, მხარეები თავიანთ ინტერესებს იცავენ, ფეხბურთელს თანამშრომლობის გახანგრძლივების განსაკუთრებული სურვილი არ გააჩნია და შეიძლება 2025 წელს ნეაპოლური კლუბი დატოვოს.
Area Napoli წერს, რომ კვარაცხელია გუშინ გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო, კონტე სრულ თავისუფლებას ანიჭებს, არაპროგნოზირებისათვის მოქმედებს სხვადასხვა პოზიციაზე, მცველებმა ლამის გალახეს, რასაც მსაჯები ყურადღებას არ აქცევენ, იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა შორისაა, რომელთა გამო მიდის გულშემატკივარი სტადიონზე, რამეთუ სანახაობას სთავაზობს, ყოველ შეხვედრაში ტრავმის მიღების რისკის წინაშეა და აუცილებლად დაცვას საჭიროებს.
იტალიაში, თუ არ ჩავთვლით ნეაპოლურ გამოცემებს, კვარაცხელიას ნიჭს ყველაზე მეტად რომაული „კორიერე დელო სპორტი“ აფასებს და აღნიშნავს, რომ მსაჯის, ჯანლუკა მანგანიელოს თვალწინ „ნაპოლის“ გარემარბზე ნადირობდნენ, მსხვერპლი ბუნებრივია ნერვიულობდა, რასაც გამოხატავდა, ის 80-იანი წლების ტალანტებს მოგვაგონებს და სერია A-ში ახლა მსგავსი ფენომენი არ მოიძიება.
Sky Sport-ის მიმომხილველი მასიმო უგოლინი იტყობინება, რომ აგენტი მამუკა ჯუღელი დღეს „ნაპოლის“ წარმომადგენელს ესაუბრა, კლუბმა სეზონურ გასამრჯელოდ ხვიჩას 6 მილიონი ევრო ჯერ კიდევ ზაფხულში შესთავაზა და მოლაპარაკებები სანაკრებო პაუზის შემდეგ განახლდება.