“კვარას” მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი, ჩინებული პსჟ და “რეალთან” დიდი მატჩის მოლოდინი

ძალიან რთულ ბრძოლაში სძლია პსჟ-მ „ბაიერნს“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ბევრი შესაძლოა, პარიზული გუნდის უფრო ადვილ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს, „რეკორდმაისტერი“, მაინც ევროპული გრანდია.
მიუხედავად იმისა, რომ საგოლე მოქმედებით თავი არ გამოუჩენია, მ მეტოქის დამარცხებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა – თუ არა მთავარი. ეს ფაქტია: ყველგან მოქმედებდა, შეტევის ორივე ფლანგზე, ცენტრში, დაცვას აქტიურად ეხმარებოდა და მომენტების უმეტესობა თავად შექმნა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი წარმოუდგენელია.
„ბაიერნმა“ „პარი სენ ჟერმენს“ მაღალი პრესინგი შესთავაზა, ზონებს უნარიანად კეტავდნენ, მაგრამ კვარაცხელიამ უკვე დებიუტში მოახერხა ოლისესთვის ბურთის ართმევა და პასის დუესთვის გაკეთება, რომელმაც უკეთეს პოზიციაში მყოფ ქართველს ბურთი არ დაუბრუნა, თავად დაარტყა და მიზანს ააცილა. მარცხენა ფრთაზე ლაიმერს და უპამეკანოს ხვიჩას შეჩერება უჭირდათ. მისი წამოწყებული მორიგი იერიში ფაბიან რუისმა უხეირო დარტყმით დაასრულა. მერე „კვარა“ უპამეკანოს იოლად გაექცა, ნოიერთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მანუელმა არ გაატანინა. შესვენებამდე კიდევ ერთი შანსი ჰქონდა, როდესაც ჰაკიმის განივი, ოდნავ ძლიერი გადაცემისას მახვილი კუთხიდან ვერ შეძლო მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა.
სტანიშიჩის ტრავმის გამო ლაიმერმა ფლანგი შეიცვალა, მისი ადგილი ბოემ დაიკავა, რომელიც „პარი სენ ჟერმენის“ 7 ნომრის ნეიტრალიზებას ვერ ახერხებდა. მეორე ტაიმში კვარაცხელიამ ბარკოლა ნოიერთან ერთი ერთზე გაიყვანა და მანუელი ისევ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა. თუმცა, 74-ე წუთზე გერმანელმა მეკარემ მაინც დაუშვა შეცდომა – ხვიჩამ ბურთი მოჰპარა, მაგრამ დემბელემ მიზანს ვერ უწია. ამას დუეს ეფექტური გოლი მოჰყვა. 82-ე წუთზე მსაჯმა გორეცკასთან უხეშობის გამო პაჩო გააძევა და მწვრთნელს, ლუის ენრიკეს ტაქტიკური, იძულებითი ცვლილების განხორციელება მოუწია – „კვარას“ ნაცვლად მოედანზე მცველი ბერალდო შეუშვა. კომპენსირებულ დროში ერნანდესმა გერეირუს სახელში იდაყვი ჩაარტყა, არბიტრმა წითელი ბარათი უჩვენა და ორკაცნაკლულმა პარიზულმა გუნდმა იქით შეუტია. ჯერ დემბელემ ბურთი ძელს გაარტყა, ცოტა ხანში კი ნოიერი მეორედ დაამწუხრა.
ერთი სიტყვით, ლუის ენრიკეს კრებულმა კლასის და უკეთესი ფიზიკური მომზადების ხარჯზე მოიგო და ნახევარფინალში „რეალს“ დაუპირისპირდება. პსჟ-მ ამ სეზონში უკვე ოთხი ტიტული მოიპოვა და საკლუბო მუნდიალზე გამარჯვების შანსიც აქვს.
ზოგიერთს ეს ტურნირი ზედმეტად მიაჩნია, თუმცა ბევრი საინტერესო მატჩი ვნახეთ და იმედია, მთავარი წინ გველის, სადაც პსჟ ფავორიტია, რადგან ახალგაზრდული, ტექნიკური და მუდმივად პროგრესირებადია. დიდებულია მეკარე დონარუმა, რეაქტიული ჰაკიმის და მენდეშის სახით ჩინებული განაპირა მცველები ჰყავს, შეტევის ხაზზე აღარაფერს ვიტყვი. ლუის ენრიკემ მართლაც შესანიშნავი გუნდი ჩამოაყალიბა. ცნობისათვის, რაც კლუბის მფლობელები 15 წლის წინ კატარელები გახდნენ, 3.1 მილიარდი ევრო დახარჯეს და მხოლოდ წელს მოიგეს ჩემპიონთა ლიგა.
Transfermarkt-ის მონაცემებით ამჟამინდელი შემადგენლობის ფეხბურთელების შეძენა პსჟ-ს 688.32 მილიონი დაუჯდა.
მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (თავისუფალი აგენტი), მატვეი საფონოვი (20 მილიონი), არნაუ ტენასი (თავისუფალი აგენტი)
მცველები: აშრაფ ჰაიკიმი (68), ლიუკა ერნანდესი (45), ვილიამ პაჩო (40), ნუნო მენდეში (38), მარკინიოსი (31), ლუკას ბერალდო (20)
ნახევარმცველები: ჟოაო ნევეში (59.92), ვიტინია (41.5), ფაბიან რუისი (22.5), უორენ ზაირ-ემერი (აკადემიის აღზრდილია), სენი მეილიუ (აკადემიის აღზრდილია)
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (70), გონსალო რამუში (65), დეზირე დუე (50), უსმან დემბელე (50), ბრედლი ბარკოლა (45), ლი კან ინი (22)
მიმომხილველი
მიქაუტაძის სანაცვლოდ “რომაზე” 2 მილიონით მეტი შესთავაზეს – ქართველის ხელში ჩასაგდებად დიდი ბრძოლა მიმდინარეობს
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება – ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
“მიჩვეულია ტიტულები არ მოიგოს” – პსჟ-სთან ნამატჩევს მიულერი კეინს გაეხუმრა