კვალიფიციური მუშახელის დეფიციტის გამო, პერსონალის უცხოეთიდან შემოყვანა გვიწევს – „ანაგი“ (BMG)

სამშენებლო კომპანიებში აცხადებენ, რომ დარგში კვალიფიციური კადრების დეფიციტი კვლავ გამოწვევაა.
როგორც BMG-ის კომპანია „ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა განუცხადა, სექტორის წარმომადგენლები ამ პრობლემის გადაჭრას რამდენიმე გზით ცდილობენ, მათ შორის უცხოეთიდან პერსონალის შემოყვანით და კადრების გადამზადებით.
„სამშენებლო სექტორში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება კვალიფიციური მუშახელი, საკმაოდ დიდი რაოდენობით გვიწევს პერსონალის საზღვარგარეთიდან შემოყვანა, ადგილობრივი კადრების გადამზადება. [თუმცა] კვალიფიკაციის ზრდისკენ მიმართული ძალისხმევა არ არის საკმარისი, იმიტომ რომ კომპანია მზარდია და ამასთან ერთად იზრდება მისი მოთხოვნა კვალიფიციურ მუშახელთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა ალბათ არის და იქნება პროფესიული სასწავლებლების როლის ზრდა განათლებაში და ახალგაზრდა თაობაში, რომელსაც უფრო მეტი სურვილი, უფრო ჯანსაღი დამოკიდებულება ექნება სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს საკითხი ძალიან მალე უფრო მწვავედ დადგება, თუ სამშენებლო ბაზარზე არსებული ტემპები შენარჩუნდება, ან ცოტა კიდევ გაიზრდება, ჩვენ და ჩვენს კოლეგებს კიდევ უფრო დიდი პრობლემა ექნება კვალიფიცირებული მუშახელის აყვანასთან და დასაქმებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი გოგოლიშვილმა.
„ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა ახალი საკანონმდებლო ცვლილებებიც შეაფასა, რომლის მიხედვითაც „შრომითი მიგრაციის კანონში” ცვლილებები შევიდა და საქართველოში უცხოელების დასაქმება გართულდა.
“უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოყვანასთან დაკავშირებით შესაძლებელია გარკვეული შეზღუდვები გაჩნდეს სამომავლოდ სახელმწიფოში, მათ შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. თუმცა სასურველია, რომ რაც შეიძლება მალე უფრო მოქნილი მექანიზმი არსებობდეს იმისთვის, რომ ეს არ გახდეს შემაფერხებელი პირობა პერსონალის შემოსაყვანად. მთავარია გვესმოდეს, როგორი წესები და რიგებია, რა ინსტრუქციებია. ჩვენს სექტორს კონკრეტული ვადები, ამოცანები აქვს და კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ახალ წესთან დაკავშირებით დროულად იყოს ჩვენი სექტორი ინფორმირებული და მკაფიო მექანიზმი არსებობდეს უცხო ქვეყნის კვალიფიციური პერსონალის ქვეყანაში შემოყვანასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ირაკლი გოგოლიშვილმა.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ” დაჩქარებული წესით მიიღო „შრომითი მიგრაციის კანონში” ცვლილებები, რომლის თანახმად, საქართველოში უცხოელების დასაქმება გართულდა. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვა უნდა მიიღონ.
bm.ge