„კვალიფიციური კანდიდატების დეფიციტის პრობლემა ძალიან მზარდია. დეფიციტი განსაკუთრებით მწვავეა სამშენებლო სექტორში და ამას ძალიან ბევრი დეველოპერული კომპანია აფიქსირებს“ – HR Hub-ის დამფუძნებელი
საქართველოს ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებით ევროკავშირის ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში კვალიფიციური სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტია. პრობლემა დღის წესრიგში უკვე წლებია და ის უფრო და უფრო მწვავდება. ,,HR Hub”-ის დამფუძნებელი ანა ნავდარაშვილი ,,კომერსანტთან’’ საუბარში ადასტურებს, რომ ეს პრობლემა თითქმის ყველა სექტორის წინაშე დგას. მისი შეფასებით, ამ გამოწვევის საპასუხოდ საჭიროა გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რათა უზრუნველყოფილი იყოს კადრების გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება.
,,ჩვენს ქვეყანაში ეს დიდი ხანია ერთგვარი ტენდენციაა. ბიზნესი მართლაც განიცდის კვალიფიციური კანდიდატების დეფიციტს. ეს ეხება ნებისმიერ სფეროს. ეს იქნება მრეწველობა, ვაჭრობა, მშენებლობა თუ მომსახურების სექტორი. განსაკუთრებით დეფიციტი მწვავეა ისეთ დარგებში, როგორიც არის ვაჭრობა, სამშენებლო სექტორი, რომელიც განსაკუთრებით ვითარდება ბოლო წლებში და ძალიან ბევრი დეველოპერული კომპანია აფიქსირებს, რომ მწვავე დეფიციტის წინაშე დგას. ძალიან მზარდია ეს პრობლემა და ალბათ ამ პრობლემის მთავარი წყარო არის ის, რომ ჩვენ მუდმივად უნდა ვიზრუნოთ კვალიფიციური კანდიდატების მომზადებაზე და გადამზადებაზე. მათი უნარების განვითარებაზე, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტულ სექტორზე. ეს უნდა იყოს გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილი. ამაში ჩართული უნდა იყოს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორმაც უნდა უზრუნველყოს, რომ გადაამზადოს და მიიღოს შესაბამისი უნარების, ცოდნისა და კვალიფიკაციის ადამიანური კაპიტალი. სახელმწიფოს აქვს მომზადება-გადამზადების პროგრამები. რესურსი, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას არ არის საკმარისი და ამ პრობლემას კიდევ უფრო ართულებს, ის რომ კონკურენცია გლობალურ მასშტაბებზეა უკვე. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ კანდიდატებს აქვთ შესაძლებლობა, რომ სხვა ქვეყნებშიც დასაქმდნენ.’’- აცხადებს ანა ნავდარაშვილი.
ანგარიშის მიხედვით, პრობლემას ამძიმებს მაღალი ემიგრაცია და შეუსაბამო საგანმანათლებლო პროგრამები. ,,HR Hub”-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ გლობალურ ბაზარზე არსებული კონკურენციის საპასუხოდ საჭიროა ადგილობრივ ბაზარზე შრომის ანაზღაურების გაზრდა. რაც შეეხება ბიზნესის მოთხოვნებთან საგანმანათლებლო პროგრამების შეუთავსებლობას, ანა ნავდარაშვილი აცხადებს, რომ საჭიროა პროფესიული სასწავლებლების მეტი პოპულარიზაცია.
,,გლობალურ ბაზარზე კონკურენციასთან გასამკლავებლად ერთადერთი გზა იქნება კონკურენტული ანაზღაურების შეთავაზება ადგილობრივ ბაზარზე. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობას დამსაქმებლების მოთხოვნებთან, ამაზე უფრო მეტი იქნება სამუშაო. უფრო მეტად ვისურვებდი, რომ გაიზარდოს ცნობადობა იმ პროფესიული სასწავლებლების, სადაც ხდება კანდიდატების მომზადება-გადამზადება. ამბობენ, რომ გაზრდილია მოთხოვნა, თუმცა სასურველია მეტი ადამიანი მიმართავდეს პროფესიულ სასწავლებლებს.’’- აცხადებს ანა ნავდარაშვილი.
ანგარიშის თანახმად, პერსონალის ტრენინგებში შიდა ინვესტირება ბიზნესისათვის დადებით შედეგებს იძლევა. თუმცა, თანამშრომლების მომზადება-გადამზადება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ,,HR Hub”-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ მსხვილი კომპანიები და საერთაშორისო ორგანიზაციები თანამშრომლებს ტრენინგებით უზრუნველყოფენ, თუმცა შედარებით წვრილი და საშუალო ბიზნეს სუბიექტებს ამის საშუალება არ აქვთ.
,,ტრენინგებისა და კადრების განვითარების მიმართულება ყველა ორგანიზაციის ერთ-ერთი მთავარი საკითხია ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის რაზეც მუშაობს. ყველა მსხვილ ორგანიზაციასა და საერთაშორისო კომპანიას, ყველას აქვს კანდიდატების ტრენინგებისა და მომზადების ცენტრები. თუმცა, ეს არის ძალიან დიდი ხარჯებთან დაკავშირებული, დროისა და ფინანსურ რესურსთან დაკავშირებული. ამიტომ, ყველა ორგანიზაციას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ჰქონდეს საკუთარი ტრენინგ ცენტრი. ყველაზე კარგი იქნება, რომ სახელმწიფოსთან ერთად თანამშრომლობით განხორციელდეს მსგავსი პროგრამები. ვფიქრობ რომ მასშტაბია გასაზრდელი და ცნობიერება. სასურველია აბიტურიენტებს ჰქონდეთ მეტი ინფორმაცია, რომ იცოდნენ როგორ შეუძლიათ მიიღონ სწრაფი ცოდნა. ან გადამზადდნენ იმ პროფესიებში, რომელიც არის მოთხოვნადი ბაზარზე.’’- აცხადებს ანა ნავდარაშვილი.
