კვალიფიციური კადრების ნაკლებობა ბიზნესისთვის მთავარ პრობლემად რჩება

სამუშაო ბაზარზე ბიზნეს სექტორი დღეს უამრავ პრობლემას აწყდება. გამოწვევებს შორის არის სამუშაო ძალი დეფიციტი, კვალიფიციური კადრების სიმცირე, მზარდი ანაზღაურების მოთხოვნა და დამატებითი ბენეფიტებით თანამშრომლების უზრუნველყოფა. კვალიფიციური კადრების არარსებობა ბიზნესისთვის რთულად გადასაჭრელ პრობლემად იქცა. სწორედ ამიტომ, სექტორის წარმომადგენლები დღეს თავად ცდილობენ თანამშრომელთა გადამზადებას და მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას.
რას აკეთებს ბიზნესი თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად? კითხვით ,,კომერსანტმა’’ HR hub-ის დამფუძნებელს ანა ნავდარაშვილს მიმართა.
,,ერთ-ერთი გამოსავალი, რომელსაც ორგანიზაციები მიმართავენ თავად ქმნიან ტრენინგ ცენტრებს, სადაც ადამიანების გადამზადება ხდება იმ პროფესიებში და უნარებში, რაც ორგანიზაციებს სჭირდებათ. არის მეორე გამოსავალი, რომ გაიზარდოს პროფესიული განათლების მიმართულებით ცნობადობა, რაც ჯერ კიდევ ძალიან დიდი გამოწვევაა ქვეყანაში. რადგან ნაკლები ახალგაზრდა ინტერესდება პროფესიული განათლების შესაძლებლობით.’’- აცხადებს ანა ნავდარაშვილი.
HR hub-ის დამფუძნებელი პრობლემიდან ერთ-ერთ გამოსავლად პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ასახელებს. განმარტავს, რომ დღეს ქვეყანაში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები მრავლად არის, თუმცა ახალგაზრდების ინტერესი დაბალია. ეს სასწავლებლები სამსახურის მაძიებლებს შესაძლებლობას აძლევს მოკლე დროში დაეუფლონ პროფესიას და დასაქმდნენ.
,,აუცილებლად უნდა შეიცვალოს ეს მიდგომა, რადგან პროფესიული განათლების მოკლე ვადიანი პროგრამები იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას, რომ ისეთ პროფესიებს დაეუფლონ ადამიანები, რომლებიც სწრაფ დასაქმებაში დაეხმარებათ. პოპულარულია ისევ უმაღლესი განათლება, თუმცა სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ პროფესიული განათლების პოპულარიზაცია მოხდეს. ასევე მნიშვნელოვანია მომზადება-გადამზადების პროგრამები, რასაც სახელმწიფო თანდათან ავითარებს. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში არის პროფესიული კოლეჯი, რომლებიც სთავაზობენ მოკლევადიან და გრძელვადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებს. ჩემი აზრით, საჭიროა რომ უფრო მეტად გაიზარდოს ამ პროგრამების ცნობადობა, რათა ახალგაზრდებმა მიმართონ ამ შესაძლებლობას. არის რესურსი, თუმცა სამწუხაროდ ამ რესურსს ბევრი არ იყენებს.’’- აცხადებს ანა ნავდარაშვილი.