კეშელავა: მეგობრების ნაწილი, ცოტა ხნის წინ, იმ ქალს განიხილავდა, ბავშვს რომ ფული აჩუქა და ვიდეო გადაიღო. ხოდა, ეს თუ გინახავთ? თვეებია მეტროს ვაგონებშია გაკრული

“ჩემი მეგობრების ნაწილი, ცოტა ხნის წინ, იმ ქალს განიხილავდა, ბავშვს რომ ფული აჩუქა და ვიდეო გადაიღო და დადო.
ხოდა, ეს თუ გინახავთ?
თვეებია მეტროს ვაგონებშია გაკრული.
როგორ დაუფინანსა სახელმწიფომ 4 წლის ბავშვს გულის ოპერაცია.
როგორ უხარია 4 წლის ბავშვს, რომ ოპერაცია გაუკეთეს და გადარჩა.
თითქოს ეს ნორმალური კი არაა, არა, სასწაულია, შესაქებია…
თითქოს სიკეთეა, ჩვენივე შეგროვებული, ხალხის ფულით შეკოწიწებული ბიუჯეტიდან ბავშვის სიცოცხლის გადარჩენა.
თუ ადამიანი ხარ, ყველაფერი ხომ უნდა ჩაგეწვას სხეულში, სანამ 4 წლის ბავშვს ჰკითხავ, ხომ გაგიხარდა, მთვარობამ, ოპერაცია რომ დაგიფინანსდა და რომ არ მოკვდიო?
მერე იმასაც რომ ეტყვი, ახლა გაიცინე, ფოტოს გადაგიღებ და მეტროში გამოვაკრავ, რომ ყველამ ნახოს, რა მაგარი მთავრობა გვყავს, ხალხის ფულით რამხელა სიკეთე გაგიკეთაო.
ხო, მეორე მხრივ, სამწუხაროდ, სიმართლეა, დიდი სიკეთეა, შეეძლოთ ეს ფულიც შეეჭამათ და არც ამ ოპერაციის ფული დაეფინანსებიათ, როგორც არაერთი ბავშვის დედა აგროვებს კაპიკ–კაპიკ ოპერაციის ფულს.
სახელი, ასაკი და ფოტო ბავშვის, გამოკრული მეტროში.
მე არ ვიცი, ამას რა ქვია.
არც ის ვიცი რა არის, ამდენი ადამიანი რომ უყურებს ამ ბანერს და არ აქვს არც პროტესტი, არც ბრაზი, არც საყვედურის თქმის სურვილი, არც წყენა, არც გულის ტკივილი.
ამ გოგოს თანატოლები რომ წამალს ითხოვდნენ, ბოლომდე გაჯიუტდა ჯანდაცვა და ისევ ხალხმა აიძულა, შემოეტანათ მათთვის წამალი.
იმათი ფოტოები არ გამოუკრავთ.
არც სისტემის მიერ მოკლული ახალგაზრდების ფოტოები გამოუკრავთ, დიაბეტიანი გოგო რომ იმ კლინიკაში შეიყვანეს დიაბეტის კრიზის დროს, სადაც სპეციალური განყოფილება არ იყო და სანამ კოვიდზე არ დაუწყეს კვლევა, დიაბეტს არ მიხედეს და დაიღუპა, იმ ბავშვის ფოტოც არ გამოუკრავთ.
არც აუზში მოკლული ბავშვის ფოტო გამოუკრავთ.
ოპერაციის ფული გადაუხადეს, თურმე, 4 წლის ბავშვს.
ჩვენი ფულით, 4 წლის ბავშვი გადაურჩენიათ.
და მადლობაო, იმ ბავშვმა, რომ დამდეთ პატივი და მომეცით სიცოცხლის უფლებაო, აგერ, ვიცინი, მადლობის ნიშნად, ფოტოც გადავიღე და მეტროშიც გამოგაკვრევინეთ, კიდევ რა ვქნა, კიდევ რით შემიძლია მადლობა ვთქვა, რომ სიცოცხლის უფლება დამიტოვეთო.
იმ ვიდეოში, იმ ქალმა რომ ბავშვს ფული აჩუქა, რაღაცა მაინც იყო, ღიმილი მაინც იყო და ცრემლი, სიკეთის გაკეთების სურვილი მაინც იყო, ის სურვილი მაინც იყო სხვაც მასავით მოქცეულიყო, არასწორად გადაიღო, მაგრამ ის ქალი ერთი მოქალაქეა, თქვენსავით, ჩემსავით ამ ჭაობში მაცხოვრებელი.
აქ კი, არაფერი, გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ სთხოვა 4 წლის ბავშვს, მადლობა მითხარი, ოპერაცია რომ გაგიკეთე და შენი ფოტო მეტროში უნდა გამოვაკრა, რომ მილიონობით ადამიანმა ნახოს არაერთხელ, მე როგორი კარგი ვარო,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი თამო კეშელავა.