კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს ადვოკატი დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს შეხვდება

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს ადვოკატი დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს შეხვდება. აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
აღიარებს თუ არა დაკავებული დანაშაულს, ეს ამ ეტაპზე ადვოკატისთვისაც უცნობია, ვინაიდან როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, ის ჯაიანს ჯერ არ შეხვედრია, შესაბამისად, მისი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით ცნობილი არ არის.
“ჯერ არ ვიცი არაფერი საქმესთან დაკავშირებით. ბრალზეც არ შევსულვარ, ჯერ არ შევხვედრილვარ, გამომძიებელს ველოდები, როცა მზად იქნება ყველაფერი, მერე შევალ. ბრალის წარდგენა ან დღეს იქნება, ან ხვალ. როგორც მითხრეს, იზოლატორშია”, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
ბექა ჯაიანს ბრალს ოფიციალურად კანონით დადგენილ ვადაში წაუყენებენ, რის შემდეგაც სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ მიდის ბრალდებული კესარია აბრამიძის საცხოვრებელ კორპუსთან დაახლოებით 19:00 საათზე, როგორ ადის ის ლიფტით და დაახლოებით, 10-15 წუთში კიბეებით როგორ ტოვებს სადარბაზოს.
მოკლულის მეზობლების განცხადებით, მათ ყვირილის ხმა გაიგეს, აბრამიძის სახლთან მისულმა მეზობელმა კი ახალგაზრდა ქალი დაჭრილ მდგომარეობაში იპოვა.
მეზობლების განმარტებითვე, აღნიშნულ მამაკაცს ისინი ხშირად ხედავდნენ. მათივე ცნობით, აბრამიძეს ბექა ჯაიანის მხრიდან მუქარაზეც არაერთხელ უსაუბრია.
კესარია აბრამიძის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია, ის ექსპერტიზაზე შემთხვევის ადგილიდან გუშინ გადაასვენეს.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება