კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლო სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიით, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ბ.ჯ.-მ „ოპინელის“ ფირმის გასაშლელი დანა შეიძინა და კესარია აბრამიძესთან შეხვედრა გადაწყვიტა. ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე დასთანხმდა მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ. ბრალდებული იმ მიზნით, რომ კესარია აბრამიძეს შეხვედროდა და განზრახვა სისრულეში მოეყვანა, ფოტოების გასაჯაროებას დასთანხმდა, რის შემდეგაც კესარია აბრამიძემ ფოტოსურათები სოციალურ ქსელში ატვირთა.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებული სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ტაქსით დაახლოებით 19:10 საათზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, შევიდა იქვე მდებარე „ნიკორას“ ფირმის მაღაზიაში, შეიძინა ალკოჰოლური სასმელი და დაახლოებით 19:27 საათზე კესარია აბრამიძის ბინაში მივიდა. ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ჯერ ხელი დაარტყა კესარია აბრამიძეს, ხოლო შემდეგ იმავე დღეს შეძენილი დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში 28 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად კესარია აბრამიძე ადგილზე გარდაიცვალა.

ასევე დაგაინტერესებთ