კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია, – ამის შესახებ ბრალდებული ბექა ჯაიანის ადვოკატმა, სალომე არდოტელმა სასამართლო სხდომის დასეულების შემდეგ განაცხადა.
ადვოკატის განცხადებით, ამ ეტაპზე ბრალდებული კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.
“ბრალდების მხარის პოზიცია იყო შემდეგი, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, ხოლო დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს. ეს იყო ბრალდებულის პოზიცია და ბუნებრივია მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმაც აღნიშნული პოზიცია გავავრცელეთ სასამართლო პროცესზე.
დუმილის უფლებას ვიყენებთ ამ მოცემულ შემთხვევაში. გამომდინარე იქიდან რომ გამოძიება მიმდინარეობს, დაცვის მხარე საქმის გარემოებებზე და მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებს”, – განაცხადა ადვოკატმა სალომე არდოტელმა.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.
ბექა ჯაიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
„ბექა ჯაიანმა 18 სექტემბერს, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა, რის შემდეგაც აბრამიძესთან შეხვედრა განიზრახა. ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დაითანხმა.
ბრალდებული დაახლოებით, 19:10 საათზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, იქვე მდებარე მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელი შეიძინა და სახლში ავიდა. ჯაიანმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის მეგობარ ქალს ჯერ ხელი დაარტყა, ხოლო შემდეგ დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში 28 ჭრილობა მიაყენა. აღნიშნულიდან დაახლოებით 20 წუთში, ბრალდებულმა კესარია აბრამიძის საცხოვრებელი ბინა კიბეებით დატოვა და იქვე, ნათესავის ბინაში მივიდა, მხოლოდ სისხლიანი მაისური გამოიცვალა, ჯერ ტაქსით მივიდა მეტრომდე, შემდეგ მეტროთი იმგზავრა და კვლავ ტაქსის მეშვეობით თბილისი დატოვა. ის სენაკისკენ მიმავალი, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ასევე დაგაინტერესებთ