კეროლაინ ლევიტი – ირანთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოზიცია არ შეცვლილა

ირანთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოზიცია არ შეცვლილა, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა.
თეთრი სახლის პრესსპიკერი, კეროლაინ ლევიტი ირანში რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.
„პრეზიდენტის პოზიცია და ჩვენი სამხედრო პოზიცია არ შეცვლილა. პრეზიდენტმა უბრალოდ შეკითხვა დასვა, რომელიც ვფიქრობ, მსოფლიოში ბევრ ადამიანს აქვს: თუ ირანის რეჟიმი ბირთვული პროგრამის დათმობასა და მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, მაშინ რატომ არ უნდა აჯანყდეს ირანელი ხალხი ამ სასტიკი ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ?“, – განაცხადა კეროლაინ ლევიტმა.
მისი თქმით, აშშ-ის მიერ კვირას განხორციელებული დარტყმების შემდეგ ირანში ბირთვული ობიექტები „მთლიანად განადგურდა“.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ირანის ბირთვული ობიექტები მთლიანად განადგურდა. ასევე, გვჯერა, რომ სადაც ეს დარტყმები განხორციელდა, სწორედ იქ ინახებოდა ირანის მიერ გამდიდრებული ურანი. ჩვენ ამაში დარწმუნებულები რომ არ ვყოფილიყავით, პრეზიდენტი ამ დარტყმებს არ განახორციელებდა“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.