“გახარია საქართველოსთვის” დეპუტატის, შალვა კერესელიძის ინფორმაციით, სოფელ ქსანში მათი პარტიის მხარდამჭერისთვის მანქანის დაჯახება სცადეს. კერესელიძის ცნობით, მომხდარში “ოცნების” წევრის, დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი გიორგი მურჯიკნელი ფიგურირებს:
“რამდენიმე წუთის წინ, მცხეთის რაიონის კორუმპირებული ფეოდალის – დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი – გიორგი მურჯიკნელი შეეცადა ჩვენი გუნდის ერთგულ მხარდამჭერ ლია ყოჩიშვილისთვის, სოფელ ქსანში, მანქანა დაეჯახებინა.
ადამიანის მოკვლა მხოლოდ იმიტომ სცადეს, რომ გუშინ სოფელ ქსნის ცენტრში მდებარე საზოგადოებრივ სკვერში მე და ლია ყოჩიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შევხვდით. რის გამოც, შიშისგან დაფეთებულმა კრიმინალური და კორუმპირებული დაჯგუფების წევრმა, მცხეთის საკრებულოს, ქსანი-ციხისძირის მაჟორიტარმა დეპუტატმა გია ჯიქიამ და ამავე სოფლის რწმუნებულმა გიორგი ალავერდაშვილმა „ოცნების“ აქტივისტების მობილიზება და თვალთვალი დაიწყეს. დღეს კიდევ, კრიმინალური მეთოდებით შეეცადნენ ლია ყოჩიშვილის მიმართ შურისძიებას. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ლია ყოჩიშვილი ჩვენი გუნდის, ,,გახარია საქართველოსთვის” საიმედო ადამიანს წარმოადგენს და არაერთხელ ამხილა ისინი კრიმინალსა და კორუფციაში.
რომ არა სწრაფი რეაგირება, შეჯახების მიზნით, მისი მიმართულებით დიდი სიჩქარით მომავალ ავტომანქანაზე, ლია ყოჩიშვილი ცოცხალი ალბათ არ იქნებოდა. მანქანის დაჯახების მცდელობიდან მალევე, მანქანიდან გადმოვიდა გიორგი მურჯიკნელი და დაიწყო ლია ყოჩიშვილის მიმართ მუქარა.
მინდა მივმართო ამ ფაქტის ორგანიზატორებს და ყველა მონაწილე კორუმპირებულ კრიმინალებს , რომ პირობას გაძლევთ, ჩვენ არც კორუფციაში თქვენს მხილებას შევწყვეტთ, ვერც საარჩევნო კამპანიაში შეგვიშლით ხელს და გპირდებით, რომ თითოეულ თქვენს დანაშაულზე პასუხს აგებთ და არჩევნების შემდეგ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში თქვენს საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მდებარე ქსნის პენიტენციური დაწესებულებაში დაიდებთ ბინას.” – წერს შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში