კენჭისყრის შენობაში აუდიოს ჩაწერა აიკრძალება – “ოცნების” კანონპროექტი

“ქართული ოცნების” მიერ დაინიციირებულ კანონპროექტში, ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების აკრძალვის გარდა, სხვა ბევრი შეზღუდვაცაა.
მაგალითად, კენჭისყრის შენობაში აიკრძალება აუდიო-გადაღება. კანონპროექტის ავტორები ამას პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოტივით ხსნიან.
“კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა, აგრეთვე საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლების მქონე პირს საარჩევნო პროცესისათვის/საარჩევნო კომისიის სხდომის მუშაობისათვის ხელის შეშლის და აუდიომონიტორინგის განხორციელების გარეშე შეუძლიათ აწარმოონ ფოტო-ვიდეოგადაღება. აკრძალულია ისეთი ინფორმაციის ან მონაცემების ფოტოვიდეოგადაღება ან სხვაგვარი დამუშავება, რომელიც/რომლებიც, ამ კანონის შესაბამისად, არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ფოტოვიდეოგადაღება ან დამუშავება გათვალისწინებულია ამ კანონით. კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად კენჭისყრის კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღება აკრძალულია”, – წერია კანონპროექტში.
კანონპროექტი სხვა არაერთ ცვლილებას მოიცავს. შეზღუდვები შეეხებათ ჟურნალისტებსაც. მაგალითად, თუ აქამდე ერთი მედიიდან მაქსიმუმ 3 წარმომადგენლის შეეძლო საარჩევნო უბანზე მუშაობა, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ მხოლოდ 2-ს შეეძლება.
გარდა ამისა, კანონპროექტი ადგენს მოთხოვნებს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენლებისთვის. დოკუმენტის მიხედვით, პრესის წარმომადგენლად არ ჩაითვლება პირი, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. იგივე შეზღუდვა ვრცელდება ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლებზეც.
ცვლილებებს შორის არის შეზღუდვები საუბნო, ან საოლქო კომისიის წევრობის შესახებ: თუ მოქმედი კანონმდებლობით ნასამართლევ პირს, ვისაც ჯარიმა აქვს შეფარდებული, შეუძლია გახდეს კომისიის წევრი, კანონპროექტის მიხედვით ნასამართლევ პირს სრულად ეკრძალება ეს.
კანონპროექტი “ქართული ოცნების” პარლამენტში ორი დღის წინ, 17 ნოემბერს დარეგისტრირდა. ამ ხნის განმავლობაში დოკუმენტის ავტორებმა უკვე მოასწრეს იურიდიული დეპარტამენტისა და საბიუჯეტო ოფისისგან დადებითი დასკვნების მიღება. კანონპროექტის პირველი მოსმენა პლენარულ სხდომაზე ნოემბრის ბოლომდე იგეგმება.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან “ქართული ოცნების” შემდეგი დეპუტატები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, , თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და აკაკი ალადაშვილი.
ამავე თემაზე:
· „ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს