უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, გენერალ კიტ კელოგის განცხადებით, რუსეთის მოთხოვნა, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდეს, ლეგიტიმურია.
კელოგის თქმით, ტრამპის გადასაწყვეტია, მისცემს თუ არა მოსკოვს პირობას ალიანსის არგაფართოებაზე, თუმცა ეს განხილვადია და შესაძლოა, სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი გახდეს.
ამასთან, კელოგმა აღნიშნა, რომ რუსეთი ითხოვს ნატოს შესაძლო გაფართოებიდან არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოს და მოლდოვის გამორიცხვას.
„ვფიქრობ, ეს სამართლიანი შეშფოთებაა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას. და ერთადერთი ქვეყანა არ ვართ, ვინც ასე ფიქრობს. ალბათ, ნატოს წევრ ოთხ ქვეყანას დაგისახელებთ, რომლებიც ასევე ეწინააღმდეგებიან [უკრაინის მიღებას]. ამ დროს, საჭიროა 32-ივე წევრის თანხმობა, რომ ქვეყანა ნატოში გაწევრიანდეს. სხვებიც არსებობენ, ვინც ბოლომდე დარწმუნებულები არ არიან. და ეს ერთ-ერთი საკითხია, რომელსაც რუსეთი წამოწევს. საუბარი მარტო უკრაინაზე არ არის. ისინი საუბრობენ საქართველოზე, მოლდოვაზე და, ცხადია, უკრაინაზე. ჩვენ ვამბობთ: კარგი, მოდით, ყოვლისმომცველად მივუდგეთ საკითხს — შეგვიძლია შევაჩეროთ ნატოს გაფართოება თქვენი საზღვრებისკენ. ეს მათთვის უსაფრთხოების საკითხია. მაგრამ ეს უკვე პრეზიდენტის გადასაწყვეტია“, — განაცხადა კელოგმა ABC-სთან ინტერვიუში.
კელოგის თქმით, მოლაპარაკებების ფარგლებში გონივრულია ნატოს წევრობისა და ნაწილობრივ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის განხილვა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ფიქრობს, რომ დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია, რადგან წამოაყენა რაციონალური წინადადებები, მაგრამ შეხვდა სრულ არაგონივრულობას.
„თუ ტრამპი იფიქრებს, რომ მას იყენებენ, და რომ წინსვლის არანაირი იმედი აღარ არსებობს, იტყვის, ჩვენ გავდივართ. ევროპავ, ახლა თქვენ მიხედეთ“, — დასძინა კელოგმა.
საქართველომ და უკრაინამ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიიღეს დაპირება, რომ ალიანსის წევრები გახდებიან. 2023 წლის ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებით, უკრაინისთვის მოიხსნა წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) საჭიროება.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს მოუწევს დათმობაზე წასვლა ომის დასასრულებლად, ხოლო უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ განიხილება.
