აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ, სადაც ქართული ოცნების ლიდერებისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მნიშვნელობაზე საუბრობენ.
ერთობლივ სტატიაში ისინი წერენ, რომ საქართველოს მიმართ ნებისმიერი სანქციების გამოცხადება, რომელიც არ მოიცავს ბიძინა ივანიშვილს, “უდიდესი შეცდომა იქნება”.
“ნებისმიერი სანქციების გამოცხადება, რომელიც არ მოიცავს ივანიშვილს, იქნება უდიდესი შეცდომა. მას ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა იმაზე, რაც საქართველოში ბოლო წლებში არასწორად წარიმართა”, – ნათქვამია სტატიაში.
იან კელი და დევიდ კრამერი აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს ეშინია დასანქცირების და აღნიშნავენ, რომ მას არ სურს დასავლურ ფინანსურ ინსტიტუტებზე წვდომის დაკარგვა.
ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მნიშვნელობის კონტექსტში ისინი აღნიშნავენ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა უნდა გამოხატოს, რასაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირება უზრუნველყოფს.
იან კელი და დევიდ კრამერი სტატიაში აღნიშნავენ, რომ “აშშ-ის მთავრობა აშკარად აგვიანებს დემოკრატიის დასაცავად საჭირო ნაბიჯების გადადგომას, რაც ხელს აძლევს ბიძინა ივანიშვილსა და მოკავშირეებს” და საუბრობენ შესაძლებლობაზე, რომელიც შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოიყენოს სანქციების სახით.
“გლობალური მაგნიტსკის აქტისა და დაკავშირებული ორგანოების მეშვეობით აშშ-ის მთავრობას აქვს შესაძლებლობა, შემოიღოს სანქციები ივანიშვილის, კოახიძისა და ქართული ოცნების სხვა ლიდერი ფიგურების წინააღმდეგ საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის (რაც მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკ დარბევასაც მოიცავს), და კორუფციისთვის.
გლობალური მაგნიტსკის აქტის ფარგლებში სანქციეცბმა შესაძლოა მოიცვას შეერთებულ შტატებში მგზავრობისთვის ვიზების უარყოფა და “განსაზღვრული პირების აშშ-ის იურისდიქციაში მთელი საკუთრებისა და საკუთრებაში ინტერესების” დაბლოკვა”, – ნათქვამია სტატიაში.
ამ კონტექსტში ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ სანქცირებულთა სიაში უნდა იყვნენ ქართული ოცნების დეპუტატებიც, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონსა და პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ კანონს. ასევე, აღნიშნავენ, რომ ვაშინგტონმა უნდა გააფრთხილოს პოლიციისა და სამხრედრო ოფიცრები, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაში მონაწილეობენ, რომ “გლობალური მაგნიტსკის აქტის” ფარგლებში ისინიც იქნებიან სანქციების სამიზნე.