გამოსახლების წინააღმდეგ და კეკელიძეზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით, მოძრაობა “ხმა” აღსრულების ბიუროში შევიდა. აქტივისტები უწყების შესასვლელში იმყოფებიან და საკუთარ მოთხოვნებს აჟღერებენ – ინფორმაციას “მაუწყებელი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ პოლიციამ გუშინ, 23 იანვარს, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს მოძრაობა “ხმის” ორი აქტივისტი, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით დააკავა. მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დაკავებულებს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება. საუბარია აღსრულების ბიუროს კუთვნილი მანქანის დაზიანებაზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი ახლა ბრალის წარდგენას ელოდებიან.
რაც შეეხება ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს, ასეთი სულ 18 ადამიანია, ერთ-ერთი მათგანია “მთის ამბების” ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ კეკელიძის ქუჩაზე გუშინ აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა ხატიაშვილების ოჯახი საცხოვრებელი სახლიდან გამოასახლეს. გამოსახლების პროცესი რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რადგან აღსრულების პოლიციას ხატიაშვილების ოჯახის ახლობლები, მათი სოლიდარობისთვის მისული ადამიანები და აქტივისტები წინააღმდეგობას უწევდნენ.
საერთო ჯამში დაპირისპირებისას პოლიციელებმა 20 პირი დააკავეს. დაკავებულები პოლიციელების მხრიდან ძალაუფლების გადამეტებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ.
ფოტო: “მაუწყებელი”