„კეთდება დაშვება, რომ ჰესი თავის საქმიანობას 2028 წლის ივლისში დაიწყებს“ – „ნენსკრა“ რეკორდულ, 399 მლნ ლარის ზარალზეა

სს „ნენსკრა ჰიდროს“ 2022 წელს რეკორდული მოცულობის, 399 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა, რაც 2021 წელთან შედარებით 26-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.
2022 წელს სახელმწიფომ „ნენსკრა ჰიდროსთან” ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ტარიფი 13%-ით შეამცირა. თავდაპირველად გაფორმებული შეთანხმებით, სახელმწიფო „ნენსკრას“ მიერ გამომუშავებულ თითოეულ კილოვატ ელექტროენერგიაში 7.55 ცენტს გადაიხდიდა, თუმცა ეს ტარიფი 6.56 ცენტამდე შემცირდა, რის გამოც კომპანიამ მომავალში მისაღები შემოსავლების გაუფასურება მოახდინა.
მთლიანობაში კომპანიამ 384.5 მილიონი ლარის სხვადასხვა კატეგორიის ფინანსური ჩამოწერები განახორციელა, რაც ზარალის მიზეზი გახდა. შედეგად, კომპანიის აქტივების ღირებულება 440 მილიონი ლარიდან 58 მილიონ ლარამდე შემცირდა.
„იმის გათვალისწინებით, რომ იმპლემენტაციის ხელშეკრულება არ შესრულებულა, საქართველოს მთავრობამ დაიწყო მოლაპარაკებები კომპანიასთან ადრე შეთანხმებული ელექტროენერგიის ტარიფის/ტარიფის დაახლოებით 13%-ით შემცირებასთან დაკავშირებით. 2022 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ ოფიციალურად მოსთხოვა კომპანიას თავდაპირველად შეთანხმებული ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება. ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებამ არსებითი უარყოფითი გავლენა იქონია პროექტის მომგებიანობაზე და ხელმძღვანელობამ დაასკვნა, რომ ეს უკანასკნელი გაუფასურების ინდიკატორს წარმოადგენდა.
„ქართულ სამშენებლო კონსორციუმთან“ (“GCC”) მიმდინარე სასამართლო დავამ ასევე ხელი შეუწყო ზემოაღნიშნულ შეფერხებებს. 2021 წლის 23 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ („სასამართლო“) გამოსცა ახალი შემზღუდავი ბრძანება („ბრძანება“), როგორც დროებითი ღონისძიება კომპანიის წინააღმდეგ. ბრძანების მიხედვით, კომპანიას ჩამოერთვა მის საკუთრებაში არსებული „გვირაბის საბურღი მანქანები“ („TBM“) და სასამართლომ დააწესა შეზღუდვები მათ გამოყენებაზე. გვირაბის საბურღი მანქანები პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ერთ-ერთ მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენს“, – ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.
ნენსკრას 280-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებით მიმდინარეობს. მისი მშენებლობა 2015 წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, ამ თარიღიდან 8 წელზე მეტი გავიდა, თუმცა ჰესი როგორც ფინანსური პრობლემების, ასევე მოსახლეობის პროტესტის და პროექტის გენერალურ კონტრაქტორებთან ხელშეკრულებების გაწყვეტის გამო შეჩერებულია.
ხელმძღვანელობა პროექტის დაწყებას 2020 წელს ელოდებოდა. თუმცა, 2018 წელს EPC ხელშეკრულების შეწყვეტისა და 2020 წელს COVID-19 პანდემიის გამო, პროექტის დასრულება 2025 წლისთვის გადაიდო და მოსალოდნელია, რომ კვლავ 2028 წლისთვის გადაიდება.
„კეთდება დაშვება, რომ ჰესი თავის საქმიანობას 2028 წლის ივლისში დაიწყებს“, – ნათქვამია ანგარიშში.
280-მეგავატიანი „ნენსკრაჰესის“ ჯამური ინვესტიცია $1 მილიარდ დოლარს შეადგენს. სადგურმა წლიურად 1.2 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს. თუმცა, კომპანიას დავები წარმოეშვა პროექტის ჯერ პირველ გენერალურ კონტრაქტორთან, იტალიურ „სალინი იმპეჯრილოსთან”, შემდეგ კი “ქართულ სამშენებლო კონსორციუმთან”, რომელთან დავებიც გრძელდება.
პროექტის თანახმად, ნენსკრას კაშხლის სიმაღლე 125 მეტრი, სიგრძე კი 870 მეტრი იქნება. ის შექმნის 176 მლნ. მ³ მოცულობის წყალსაცავს, 2.7 კმ² ზედაპირის ფართობით. მდინარე ნაკრაზე ასევე აშენდება 8.7 მ სიმაღლისა და 44.0 მ სიგრძის მცირე კაშხალი.
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-Water-ია. მას „ნენსკრა ჰიდროში” 91.9%-იანი წილი აქვს, 8.1%-იან აქციონერს კი „საპარტნიორო ფონდი“ წარმოადგენს.