კბენა, ცემა, გინება — აქციაზე დაკავებულები პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ

19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულები, რომელთაც დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვეს, პოლიციის მხრიდან ძალადობაზე საუბრობენ.
„უბრალოდ არ ვიკადრებ გამეორებას, ისეთი საშინელი შეურაცხყოფით მოგვმართავდნენ ყველას. ამაზე ემოციური რეაქცია ჰქონდა ერთ ბიჭს და დაარტყეს კიდევაც მანქანაში და მიაბეს. იყო დედის გინება, საშინელი შეურაცხყოფა, პოლიტიკოსებსაც აგინებდნენ, მაქსიმალურად ცდილობდნენ პროვოკაციაზე წამოვეგეთ. ჩვენ მსგავსი შეურაცხმყოფელი არაფერი გვითქვამს“, — განუცხადა ჟურნალისტებს მანუჩარ ჩაჩანიძემ.
ის ამბობს, რომ პოლიციელები განსაკუთრებით პანიკაში ჩავარდნენ ბიძინა ივანიშვილზე ოდნავ „გადაბრუნებული სიტყვის“ მოსმენისას.
„დარბევა და დაკავებები რომ დაიწყო, პირველი რაც დავინახე, ერთი შვიდი პოლიციელი პატარა ბიჭს მიათრევდა, თან ურტყამდა. მეთქი, რატომ ურტყამთ, ნუ იჭერთ. ვცდილობდი, ჩავრეულიყავი. მანქანაში როცა ჩასვეს, წინიდან დავუდექი, ჩავებღაუჭე, ამ დროს ნეკნებში და ფეხებშიც მირტყამდნენ. მერე მეორე მანქანა მოადგა და იქ შემაგდეს. სანამ მანქანამდეც მიმიყვანდნენ, კარგად მირტყეს“, — ამბობს ბესიკ ლიპარტელიანი.
რეზი დუმბაძე იხსენებს, რომ დაკავებამდე თმებში წაავლეს, მანქანაში კი სცემეს და აგინეს.
„მელიქიშვილზე, როცა ადამიანებს იჭერდნენ, მივედი და ვუთხარი: ცოტა ფრთხილად-მეთქი. ისიც არ ყოფილა პოლიციისთვის ხელი მომეკიდა, სიტყვიერად ვეუბნებოდი. ამ დროს, ვისაც ასე აგრესიულად ექცეოდნენ, იმას ხელი გაუშვეს და ჩემზე წამოვიდნენ. მანქანაში იყო მოპყრობა, რაც არ ჩანდა და რაზეც ვაპირებთ, რომ სასამართლოს მივმართოთ“, — განუცხადა ჟურნალისტებს სანდრო ქავთარაძემ.
„საშინლად ამაზრზენი ადამიანები იყვნენ. როგორც მივხვდი, არსებობს ორი ჯგუფი: დამკავებელი და ოქმის შემვსები. დაკავებისას როდესაც ადამიანს წააქცევ, ფეხებით შედგები და წაქცეულზე რომ კბენ… პოლიციის ნაკბენი მაქვს.. რომ ვერ დამიმორჩილა ეს დიდი ადამიანი, მეჯაჯგურებოდა, უნდა ეტკინა ვითომ ხელი და მიკბინა. არა უშავს, 48 საათი კარგად ისვენებთ [ციხეში], გამოდიხართ და აგრძელებთ ისევ ისე დროშების გაშლას“, — ამბობს დავით თუჯიშვილი.
ის გეგმავს, პოლიციის მხრიდან ძალადობის საქმე სტრასბურგის სასამართლომდე მიიტანოს.
19 ნოემბერს, გამთენიისას, პოლიციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაშალა აქცია, რომელზეც მოქალაქეები ხელახალი ს ჩატარების მოთხოვნით უკვე მე-2 ღამეს ათევდნენ. დარბევის დაწყებამდე -ს ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, სადაც ეწერა, რომ მათ 15 წუთს აძლევდნენ ტერიტორიის დასატოვებლად. მათი თქმით, აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ იყო იმდენი, რომ გზის გადაკეტვის საჭიროება ყოფილიყო. დააკავეს აქციის მონაწილეები. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა აქციაზე დაკავებული და დაშავებული მოქალაქეები მოინახულეს, ჯამში – 16 ადამიანი.
„იმ 16 პირიდან, რომლებიც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს, 10 სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ან ძალის გადამეტების მსხვერპლია. სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა, დაუყოვნებლივ დაიწყოს და წარმართოს ეფექტიანი გამოძიება – ყველა პასუხისმგებელი პირის გამოსავლენად“, — ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.