კახი სოლომნიშვილის უდიდესი აღიარება

უნიჭიერესმა ახალგაზრდა დირიჟორმა კახი სოლომნიშვილმა უდიდეს წარმატებას მიაღწია – სლოვენიის ფილარმონიული ორკესტრის მთავარ დირიჟორად დაინიშნა.
:
“ჩემი უახლოესი მეგობარი, რომლის მეჯვარეც ვარ და შესაბამისად ოჯახის წევრი, რომელიც არის თბილისის ოპერისა და ბალეტის ორკესტრის, ისევე როგორც საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის რეზიდენტ-დირიჟორი, რომლის ბიოგრაფიაში უკვე არაერთი დაუვიწყარი კონცერტი და ფესტივალია, მათ შორის ჩვენი ორკესტრის მიერ უმაღლეს ხარისხში შესრულებული ი. სტრავინსკის “კურთხეული გაზაფხული”, რომელიც აგრეთვე ჩემი ორი დიდი ფორმის ნაწარმოების საპრემიერო შესრულების მუსიკალური ხელმძღვანელი იყო, რომელმაც თავისი ნიჭითა და დაუღალავი შრომით, უკომპრომისო ხასიათითა და პიროვნული ღირსებით მალე მიიპყრო საერთაშორისო მუსიკალური საზოგადოების ყურადღება, რაც მის პერმამენტულ თანამშრომლობაში გადაიზარდა არგენტინის ლეგენდარულ კოლონის საოპერო თეატრთან და სიმფონიურ ორკესტრთან, ასევე მონტეკარლოსა და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ქალაქის საკონცერტო სცენებთან – კახი სოლომნიშვილი ხმათა დიდი უმრავლესობით არჩეულ იქნა სლოვენიის ფილარმონიული ორკესტრის მთავარ დირიჟორად!
ლუბლიანას ცენტრში, მთავარ სიმფონიურ დარბაზში ევროკავშირის წევრი ქვეყნის ყველაზე ისტორიულ და მაღალი საშემსრულებლო ხარისხის სიმფონიურ ორკესტრს ქართველი დირიჟორი უხელმძღვანელებს შემდგომი სეზონების განმავლობაში.
ულამაზესი ქალაქის ქუჩებში გამოფენილ აფიშებსა და პოსტერებზე ხშირად იქნება დიდი ასოებით დაბეჭდილი ქართული გვარი!
ჩვენ საერთაშორისოდ აღიარებული და მათ შორის დედამიწის ფილარმონიული სცენების ვარსკვლავები გვყავს კლასიკურ მუსიკაში, მაგრამ ყველაზე ნაკლებად დირიჟორებს შორის. დღეს ეს სურათი ნელნელა იცვლება და ჩვენი ახალი თაობის მაესტროები წინ და წინ მიიწევენ, თანამშრომლობენ ევროპულ ორკესტრებთან, უფრო პატარა თაობა კი ევროპულ სასწავლებლებში იღებს განათლებას. ეს ამბავი ძალიან მახარებს, რადგან ყოველი მათგანის პირველი ნაბიჯები, პირველი წარმატებები, პირველი გამარჯვებები ჩვენს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს უკავშირდება. ამიტომ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ორკესტრის შემოქმედებითი და ადმინისტრაციული გუნდის სახელით ჩვენს კახის ვულოცავ ახალ და მნიშვნელოვან პოზიციას მისი კარიერის გზაზე, წარმატებებს ვუსურვებ როგორც მთავარი დირიჟორის პასუხისმგებლობით სავსე საქმიანობაში ასევე ვისურვებ, რომ ეს იყოს კიდევ უფრო დიდი მიღწევების დასაწყისი!
ლუბლიანას ფილარმონიაში გამართული პრესკონფერენციაზე ორკესტრის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას ახალი მთავარი დირიჟორი წარუდგინა!”