კახი სამხარაძე – გავრცელდა ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაცია უშუალოდ ჩემი და ჩვენი – „საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78-მუხლის“ მიმართ – ვრჩები ამ ორგანიზაციის თავმჯდომარედ

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ თანათავმჯდომარე კახი სამხარაძე „ცრუსა და ცილისმწამებლურს“ უწოდებს ორგანიზაციის წევრის, გიგა სოფრომაძის განცხადებას, რომ სამხარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც ის ორგანიზაციას ტოვებს.
როგორც სამხარაძე „ფეისბუქზე“ წერს, რეალურად, გიგა სოფრომაძე და მისი თანამოაზრეები ახალი სახელწოდებით, ახალ გაერთიანებას აფუძნებენ.
„დღეს გავრცელდა ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაცია უშუალოდ ჩემი და ჩვენი ,,საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი – კონსტიტუციის 78- მუხლის’’ მიმართ და მინდა გარკვევით განვაცხადო და გამოვეხმაურო, მე როგორც ორგანიზაციის შექმნის იდეის ავტორი, მათ შორის ამ სახელწოდების ინიციატორი ვრჩები ამ ორგანიზაციის და ამ პროფკავშირული მოძრაობის თავმჯდომარედ და ვაგრძელებ ბრძოლას საჯარო მოხელეების და საჯარო მოსამსახურეების უფლებების დასაცავად. გიგა სოფრომაძე და მისი თანამოაზრეები აფუძნებენ ახალ გაერთიანებას ახალი სახელწოდებით. ჩვენთვის და პირადად ჩემთვის კონსტიტუციის ერთგულება არის ყველა ღირებულებაზე მაღლა და ამ ბრძოლაში, რომელშიც ერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ და აუცილებლად მივაღწევთ იმ მიზნებს, რომ შევქმნათ სოციალური, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო. დღეს ცდილობენ დააზიანონ ის იდეა რომელიც არის წმინდად ევროპული, შეიქმნას საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი. დანარჩენი ყველამ თავად განსაჯოს ვის ინტერესებშია ამ ერთობის დასუსტება და რეჟიმის ფარული ხელიც შეიძლება ჩანდეს ამ ყველაფერში. ამ ბრძოლაში ცდილობენ, რომ ჩვენი კონცენტრაცია გადაიტანონ იმ ძირითადი საკითხიდან, რაც არის საჯარო მოხელეების უფლებების დაცვა. თუმცა ჩვენ გაორკეცებულად გავაგრძელებთ ბრძოლას რათა დავიცვათ ყველა ღირსეული და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის ინტერესი! დღეს კიდევ უფრო მეტად მწამს, რომ ჩვენი სიმართლე აუცილებლად მიაღწევს მიზანს და ჩვენი საქმეები წარმოგვაჩენენ! წინ ევროპისკენ, საქართველო გაიმარჯვებს“,- წერს სამხარაძე.