კახელი ადამიანი ალბათ, ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ვაზის თანამედროვე მტრად პასპორტით ქართველი, გონებით კი უსამშობლო „ნაციონალური მოძრაობა“ მოევლინებოდა – ივანიშვილი

კახელი ადამიანი ალბათ, ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ვაზის თანამედროვე მტრად პასპორტით ქართველი, გონებით კი უსამშობლო „ნაციონალური მოძრაობა“ მოევლინებოდა – ივანიშვილი
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თელავში გამართულ რეგიონულ ღონისძიებაზე, მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ქართული ტრადიციების, ისტორიის, კულტურისა და რწმენის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, წინა ხელისუფლება, უცხოელ პატრონებთან ერთად ახალი ქართველის შექმნაზე მუშაობდა, ვისთვისაც უცხო იქნებოდა ეროვნული ფასეულობები. ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი, ივანიშვილის თქმით, იყო ვაზისა და ღვინის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიაც.
„მამული, ენა, სარწმუნოება – სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?“ – წერდა ჩვენი ერის მამა, ამ კუთხის შვილი, ილია ჭავჭავაძე. კაცი, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარი ქვეყნისა და ხალხისათვის ბრძოლას, მათ კეთილდღეობას მიუძღვნა.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ჩვენი სამშობლო და ხალხი მსგავსი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა დამოუკიდებლობის პირობებშიც, 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, როდესაც საქართველოს, ამ ქვეყნის შვილებისა და ყველაფერი ქართულის – ჩვენი ტრადიციების, ისტორიის, კულტურისა და რწმენის წინააღმდეგ არც მეტი არც ნაკლები – საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლება იბრძოდა. ხელისუფლება, რომელსაც, წესით, ეს ყველაფერი უნდა დაეცვა, თუმცა, უცხოელ პატრონებთან ერთად, ისინი პირიქით მოქმედებდნენ – ახალი ქართველის შექმნაზე მუშაობდნენ, ვისთვისაც უცხო იქნებოდა ის ეროვნული ფასეულობები, რომელზეც იზრდებოდნენ, იზრდებიან და მადლობა ღმერთს, მომავალშიც გაიზრდებიან ამ ქვეყნის შვილები.
ამ პროცესის ნაწილი იყო ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორის – ვაზისა და ქართული ღვინის წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანია, თანაც სად?! ღვინის სამშობლოში, სადაც ღვინო საკრალური სასმელია. სადაც კახელმა კაცმა ურთულეს ვითარებაში, გაუთავებელი ომების ქარ – ცეცხლში გამოატარა თავისი მთავარი განძი და ფასეულობა – ქართული ვაზი და ცივილიზაციას შემოუნახა ღვინის დაყენების უნიკალური მეთოდი, რომელიც დღეს იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი!
თუკი კახელი და ზოგადად, ქართველი ადამიანის შეურაცხყოფა და დამცირება გინდა, მისი იდენტობის ამ ერთ-ერთ მთავარ ნაწილს უხეშად უნდა შეეხო. ყველაზე კარგად ეს იმ ხალხმა იცის, ვინც დღეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ სახეს წარმოადგენს და ქართული ღვინის წინააღმდეგ მიმართულ, შეურაცხმყოფელ კამპანიას დღესაც აგრძელებს.
შეუძლებელია არ გავიხსენოთ ის შემზარავი დრო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმმა კახელი კაცი იძულებული გახადა, რომ შვილივით ნაზარდი ვაზი, ჩვენი ფესვი, ჩვენი სულიერი სიმტკიცის წყარო საკუთარი ხელით გაეჩეხა… აღა მაჰმად ხანის შემოსევებს გადარჩენილი კახელი ადამიანი ალბათ ვერასოდეს იფიქრებდა, რომ ქართული ვაზის თანამედროვე მტრად პასპორტით ქართველი, გონებით კი უსამშობლო „ნაციონალური მოძრაობა“ მოევლინებოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებელია „ნაციონალური მოძრაობა“, „რომელმაც ჯერ წაგებული ომი აზეიმა მოსახლეობას, შემდეგ კი, ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერით და ჰაიდი ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, თავადვე აღიარა ომის დაწყება“.
ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ დღეს არც ერთი მათგანი არ ცდილობს, სამშობლოს ღალატი უარყოს, „ვინაიდან მათი ნამოქმედარი ნათლად ჩანს, შესაბამისად, ამ დანაშაულის შესაბამისი რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლება“.
„ღვინის სამშობლოში ამაზე უარესი თითქოს რაღა უნდა მომხდარიყო, რომ ქართველ კაცს, მითუმეტეს კახელს, ვაზის მოვლაზე აეღო ხელი, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაცილებით უარესიც შეძლო – ტერორითა და სიღარიბით დაძაბუნებულ ქვეყანას ომის უბედურება დაატეხა თავს. უბედურება, რაც 2008 წლის აგვისტოში დატრიალდა, სწორედ მათ სინდისზეა. სწორედ „ნაციონალური მოძრაობაა“ პასუხისმგებელი ტრაგედიაზე, რაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის და ტერიტორიების დაკარგვის ფასად დაგვიჯდა!
ამ ხალხმა ჯერ წაგებული ომი აზეიმა მოსახლეობას, შემდეგ კი ცნობილ რეზოლუციაზე ხელმოწერით და ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, საომარი მოქმედებების დაწყება თავად აღიარა! დღეს, არც ერთი მათგანი არ ცდილობს სამშობლოს ღალატის უარყოფას, რადგან იმდენად ნათელია მათი ნამოქმედარი, რომ უტიფრობით ცნობილი ომის პარტიის წევრები თითქოს შეეგუვნენ საკუთარ ტერიტორიაზე ომის გაჩაღებაში მხილებას.
ამ დანაშაულის უგულებელყოფა და შესაბამისი რეაგირების გარეშე დატოვება შეუძლებელია. ჩვენი ქვეყანა ვერასოდეს გაიმართება წელში, თუ ამ ღალატს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა. როგორც აღვნიშნე, პოლიტიკურად მათ უკვე გაიფორმეს ომის დაწყების დანაშაული ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ხოლო როდესაც აღარ არსებობს არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი საერთაშორისო სამართლებრივ ინსტიტუტებში, არჩევნებში გამარჯვებისა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობის პროცესი დაიწყება“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.