კახეთში სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ ჩაიბარებს. სახელმწიფო საწარმო მევენახეებისგან დასეტყვილ საღვინე ყურძენს – 1 კილოგრამს 1 ლარად – დღეიდან მიიღებს.
როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, სეტყვისგან დაზარალებულ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნებათ.
“თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვისგან სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, პირველადი მონაცემებით, 150 ჰექტარამდე ვენახის ფართობი დაზიანდა.
რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.
რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501 და ასევე რთველის საკოორდინაციო შტაბის ცხელი ხაზზე – 0322 193 283.
13 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში, ღვინის საწარმოების მიერ გადამუშავებულია 27 ათასი ტონა ყურძენი”,- აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დღეს, სტიქიამ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სეტყვა, ქარი და ძლიერი წვიმა იყო სოფლებში: ყარაჯალა, გულგულა, ვარდისუბანი და რუისპირი. გარდა სოფლებისა, დაისეტყვა ქალაქი თელავიც. სტიქია დაახლოებით, 10 წუთს გაგრძელდა.
თელავის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვის შედეგად მუნიციპალიტეტის სოფლებში – რუისპირი და ვარდისუბანი, სასოფლო – სამეურნეო სავარგულები, კონკრეტულად, ვენახები დაზიანდა.
კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, პირველადი მონაცემების საფუძველზე, სოფელ რუისპირში სეტყვის შედეგად დაზიანებულია 100 ჰა ვენახის ფართობი, ხოლო სოფელ ვარდისუბანში დაზიანდა 50 ჰა ვენახის ფართობი.
